გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო სიმეონე, ლადო ჩიხრაძე
Aa
Aa

„სიმეონემ მხარზე ხელი დამადო და კანკალი დამეწყო“ - ჩიხრაძე ატლეტიკოში გატარებულ პერიოდზე

მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემიის ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად წყალტუბოს სამგურალის შემტევი, ლადო ჩიხრაძე ესპანურ AS-თან ინტერვიუს დროს მადრიდულ კლუბში გატარებულ პერიოდს იხსენებს და მოახლოებულ 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საუბრობს.

რას ამბობს ჩიხრაძე:

2017 წლის ნოემბერში „სპალში“ და „ატლეტიკოში“ სინჯები გავიარე. ორივე გუნდში 1 კვირით ვიყავი და ორივემ დამირეკა. ჩემთვის რთული არ ყოფილა „ატლეტიკოს“ ვარიანტის არჩევა. კლუბში 2018 წლის აგვისტოში ჩამოვედი და 1 წელი ვითამაშე, რაც ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო. რამდენჯერმე პირველ გუნდთან ერთადაც ვივარჯიშე და მოედანი ისეთ ფეხბურთელებთან გავიზიარე, როგორებიც არიან გრიზმანი, კოკე, საული, ლემარი, დიეგო კოშტა, გოდინი, ხიმენესი და სხვები. 17 წლის ბიჭისთვის ეს ნამდვილი სიგიჟე იყო. ეს საუკეთესო გამოცდილებაა, რაც ფეხბურთში მიმიღია.

გუნდთან ერთად გატარებული პირველი დღე გუშინდელივით მახსოვს. რამდენიმე ახალგაზრდას დაუძახეს პირველ გუნდში სავარჯიშოდ და როცა მოედანზე შევედი, შოკში ვიყავი. ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი. სიმეონე მხარზე მომეფერა და კანკალი დამეწყო. რაღაც მითხრა, მაგრამ კარგად ვერ გავიგე, ესპანურად თითქმის ვერ ვლაპარაკობდი. ძალიან მაგარია ასეთი დონის ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან ერთად ვარჯიში. ეს გამოცდილება და ემოციები არასდროს დამავიწყდება. იმედი მაქვს ამას კიდევ გავიმეორებ.

ანტუან გრიზმანი ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა. როცა ვარჯიშებზე სიარული დავიწყე, მისი ყურებით გაოცებული ვიყავი... გაოცებული ვიყავი ბურთთან მისი მაგიური ურთიერთობით. შემდეგ იმის გაკეთებას ვცდილობდი, რაც მისი ვარჯიშისას ვნახე.

მადრიდის „ატლეტიკოს“ შემდეგ, ლადო ჩიხრაძე „რეკრეატივოში“ გადავიდა. ფეხბურთელი ამ პერიოდსაც იხსენებს:

ახალგაზრდა ასაკში დებიუტი ვერ მოვასწარი, შემდეგ პანდემია დაიწყო და ყველაფერი გართულდა. „რეკრეში“ კიდევ ერთი წლით დავრჩი. პირველ გუნდში ვვარჯიშობდი და მეორე გუნდში ვთამაშობდი, შემდეგ ისინი მესამე დივიზიონში დაქვეითდნენ და მე „ექსტრემადურას“ მეორე გუნდში წავედი. იქაც არ ყოფილა ადვილი. კარგი წინასასეზონო პერიოდი მქონდა, თამაში დავიწყე და დროდადრო წუთებთან ერთად სტატისტიკაც მემატებოდა. მალევე მივიქციე პირველი გუნდის ყურადღება და ჩამოსვლიდან ორ თვეში უკვე მათთან ერთად ვვარჯიშობდი. მთავარ გუნდში დებიუტიც მქონდა. „ირუნთან“ ისტორიულ მატჩში მივიღე მონაწილეობა.

დიდი ხნის განმავლობაში რთულ სიტუაციაში ვიყავი. „ექსტრემადურას“ შემდეგ მეგონა, რომ სახლში დაბრუნების და ყველაფრის თავიდან დაწყების დრო იყო. ახლა ყველაფერი კარგად მიდის. შევძელი ესპანური და სხვა ქვეყნის გუნდების დაინტერესება და იმედი მაქვს ასე გავაგრძელებ. შევეცდები 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის საბოლოო სიაში მოვხვდე. საქართველოში სწორედ ამის გამო დავბრუნდი. კვარაცხელია, მამარდაშვილი, მიქაუტაძე... უბრალოდ ამ გუნდში დაბრუნება და უმაღლეს დონეზე თამაში მინდოდა. ნაკრებში დიდი კონკურენციაა. ფეხბურთელებს ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ და ასაკობრივ ნაკრებებში გასახდელს ერთად ვიზიარებდით, მათთან ყოფნა მინდოდა. ძალიან მინდა საბოლოო სიაში მოხვედრა და ვარჯიშებზე ყველაფერს გავაკეთებ, რათა დავამტკიცო, რომ ამას ვიმსახურებ.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავისი ამბების მოყოლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:

საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა. ფეხბურთი ძალიან გვიყვარს, კვარას დონის ფეხბურთელები კიდევ უფრო მეტად. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ესპანურ გუნდებს - „რეალს“, „ბარსას“, „ატლეტიკოს“ და „სევილიას“. კვარაცხელიას აფეთქება ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მოვლენა იყო, თუმცა მისი ასეთი თამაში არ გამკვირვებია. მრავალი წელია ვიცნობ, ძალიან თავმდაბალი ბიჭია, რომელიც ბევრს მუშაობს, ფეხბურთთან ყოველთვის დიდ დროს ატარებდა და ყოველთვის ჩანდა, რომ ძალიან ბევრს მიაღწევდა. მან ქვეყნის სახელი ევროპაში გაიტანა. საოცარ საქმეს აკეთებს როგორც „ნაპოლისთვის“, ისე ეროვნული ნაკრებისთვის და ქართველი ფეხბურთელებისთვის.

აქ ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ხალხს ფეხბურთი სიგიჟემდე უყვარს. როდესაც ბავშვი ადრეულ ასაკში იწყებს თამაშს, მშობლიური ქალაქის დატოვება უჭირს. აქ ფეხბურთში მაღალ დონეზე თამაშის ცოტა ვარიანტია, რის გამოც გზაზე ბევრი ბრილიანტი იკარგება. ამიტომაც მგონია, რომ თუ ჩვენს ქვეყანას უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევენ, უფრო ბევრ მარგალიტს მოიპოვებენ. კვარა აქ ნამდვილი კერპია. ჩვენ გვყავდა კალაძე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო, ასევე კობიაშვილი და კიდევ ბევრი ფეხბურთელი, რომლებმაც უმაღლეს დონეზე ითამაშეს და აქ ლეგენდები არიან, მაგრამ კვარა ბავშვებში საერთოდ სხვა დონეზეა. მას უბრალოდ ისეთი შესაძლებლობა სჭირდებოდა, როგორიც ნეაპოლმა მისცა. მისი მომავალი მხოლოდ მისი გადაწყვეტილებაა, ჩვენ მისთვის მხოლოდ საუკეთესო გვინდა. მას თავისი პრეფერენციები ექნება, მაგრამ დონის მიხედვით დარწმუნებული ვარ, რომ თუ ესპანეთში ჩავა, იქაც ბევრს მიაღწევს.

ლადო ჩიხრაძემ გიორგი მამარდაშვილის შესახებაც ისაუბრა:

მას კვარაზე გვიან შევხვდი, მაგრამ ურთიერთობა 2018 წლიდან გვაქვს. ერთმანეთს მადრიდში წასვლამდე შევხვდით, ყველაზე დიდი ხნით ურთიერთობა კი 2019 წლის გაზაფხულზე გვქონდა. ცხოვრებამ მას შესაძლებლობა მისცა, რომ ევროტურნირების კვალიფიკაციაზე კარგი გუნდების წინააღმდეგ ეთამაშა. მოსკოვის „დინამოსთან“ და „გრანადასთან“ ძალიან კარგად ითამაშა და მსოფლიოს აჩვენა, რომ ამ შესაძლებლობას იმსახურებდა. ის „ვალენსიაში“ გადავიდა 1 წელში უკვე ამ დონეზე განვითარდა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ლადო ჩიხრაძე ახლა წყალტუბოს „სამგურალის“ ღირსებას იცავს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მართალი ვიყავი, როდესაც ჯორჯ ბესტს ვადარებდი“ - ტარდელი კვარაცხელიაზე
„მართალი ვიყავი, როდესაც ჯორჯ ბესტს ვადარებდი“ - ტარდელი კვარაცხელიაზე