„ისეთი ფეხბურთელია, სტადიონზე მისვლის სურვილს გიჩენს“ - რას წერენ ზურიკოზე
გავლენიანმა ფრანგულმა გაზეთმა, Ouest France-მა საფრანგეთის ლიგა 2-ის 35-ე ტურის წინ, სტატია გამოაქვეყნა და ზურიკო დავითაშვილზეც ისაუბრა. Ouest France-მა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც მომდევნო ტურის მატჩებში თვალი უნდა მივადევნოთ და ერთ-ერთი ზურიკო გახლავთ.
„ლიგა 2-ში მოასპარეზე მეორე ქართველის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ უფრო მეტი ვიცით, მაგრამ 22 წლის ზურიკო დავითაშვილი არის ფეხბურთელი, რომელიც სტადიონზე მისვლის სურვილს გიჩენს. გასულ შაბათს, მან კაენს გაუტანა და ბორდოს მაისურით, მიმდინარე სეზონში თავი მეოთხედ გამოიჩინა.
ზურიკოს გოლის წყალობით, ბორდომ მეცთან 3-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და ამ გუნდებს შორის, სეზონის დასკვნით ნაწილში დიდი ბრძოლა გაიმართება. ჟირონდელებს რთული კალენდარი არ აქვთ და ქუევილის შემდეგ, ლავალთან, ანესისთან და როდესთან მატჩები ელით“, - წერს ფრანგული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკოს გუნდს 65 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციას იკავებს. „ბორდო“ გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ 3 ქულით უსწრებს და მომდევნო მატჩი 13 მაისს, „ქუევილი რუენის“ წინააღმდეგ ელის, რომელიც მე-8 ადგილს იკავებს.