ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიო კაპელო
Aa
Aa

„შემდეგ სეზონში კიდევ უფრო უკეთ ითამაშებს“ - კაპელო ხვიჩაზე

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ რუსულ Sport Express-თან ხვიჩა კვარაცხელიაზე მოკლე კომენტარი გააკეთა. კაპელოს აზრით, კვარაცხელია თამაშს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და შემდეგ სეზონში კიდევ უფრო შთამბეჭდავად იასპარეზებს.

ფაბიო კაპელო: „რა როლს ასრულებს ხვიჩა კვარაცხელია გამარჯვებაში? ძალიან მნიშვნელოვანს. შემდეგ სეზონში კიდევ უფრო უკეთ ითამაშებს“.

კაპელომ ქართველზე მიმდინარე სეზონში არაერთხელ ისაუბრა. სექტემბერში Sky Sports-თან საუბარში აღნიშნა:

,,ხვიჩა ძალიან მომწონს. ჩემმა ქართველმა მეგობარმა მითხრა, რომ ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და უდიდესი პოტენციალი აქვსო, უნდა ვაღიარო, ჩემი მეგობარი მართალი იყო. აპლოდისმენტი ,,ნაპოლის'' წარმომადგენლებს, მათ ხვიჩა დაინახეს და ადრეულ ეტაპზე დაიმატეს. ხვიჩა ნამდვილად ძალიან ძლიერი მოთამაშეა“.

საინტერესოა, რომ კაპელო ხვიჩას მაშინაც აქებდა, როცა ქართველმა შემტევმა სტატისტიკური თვალსაზრისით პროდუქტიულობას მოუკლო, გასულ თვეში კაპელომ განაცხადა:„აქვს თუ არა ხვიჩას ჩავარდნა? ჩავარდნაზე საუბარი სისულელეა, ის ძალიან ძლიერია. მის გუნდს სკუდეტო უკვე მოგებული აქვს".

Corriere dello Sport: "კვარა რთულ საქმეებს მარტივს ხდის. თუ მას მთვარის მოტანას თხოვდით, ალბათ თქვენს სახლში თანამგზავრით მოვიდოდა, ბოდიშს მოიხდიდა ორი წუთის დაგვიანებისთვის. ეს სკუდეტო ყველას ეკუთვნის, მაგრამ მომდევნო სეზონში, როცა კლუბი ახალ მაისურებს შეკერავს, მკერდთან ყველაზე ახლოს მის გვარს უნდა ვხედავდეთ: კვარაცხელია".

სერია ა-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „ნაპოლი“ 80 ქულით პირველ ადგილზეა და „ლაციოს“ 16 ქულით უსწრებს, „პარტენოპეიმ“ ჩემპიონობა გაინაღდა, 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოიპოვა.

„ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე გადაცემების რაოდენობით ხვიჩა სერია ა-ში საუკეთესოა, მეორე ადგილს კოსტიჩი და მილინკოვიჩ-სავიჩი 8-8 საგოლე პასით იკავებენ. ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზეც პროდუქტიული იყო, 9 თამაშში 2 გოლი და 4 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები