ნაადრევად წავა? დასჯის შემდეგ, მესის პსჟ-ს მაისურით თამაში აღარ სურს
ლიონელ მესის პსჟ-ში თამაში აღარ სურს და შესაძლოა წელს კლუბის მაისურით ასპარეზობაზე უარი განაცხადოს. ინფორმაციას ფრანგული L'Equipe-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პარიზულმა კლუბმა ლეო საუდის არაბეთში ნებართვის გარეშე მოგზაურობის გამო ორი კვირით გუნდიდან მოკვეთა.
წყაროს ცნობით, არგენტინელს ვერ წარმოუდგენია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ დაბრუნდება და პსჟ-ს მაისურით პარკ დე პრენსზე კვლავ ითამაშებს, სადაც დიდი შანსია მას ქომაგებმაც უსტვინონ, რომლებმაც უკვე მის მიმართ ღია აგრესია გამოიჩინეს.
მესი თავს დამნაშავედ არ თვლის და ამას ასაბუთებს კიდეც (ვრცლად ნახეთ აქ).
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების გაწყვეტაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. თუ მესის სურს კლუბი ნაადრევად დატოვოს, ის პირველი უნდა იყოს, ვინც საჭირო ნაბიჯებს გადადგამს.
არგენტინელს კლუბთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდე აკავშირებს. 30 ივნისის შემდეგ კი ლეო თავისუფალი აგენტი ხდება.
შეგახსენებთ, რომ პარიზელთა თავკაცს კრისტოფ გალტიეს მესის გუნდში დარჩენის სურვილი და მცდელობა ჰქონდა, თუმცა პარიზელები ამას უკვე შეუძლებლად მიიჩნევენ. როგორც ფაბრიციო რომანომ დაწერა, არგენტინელმა პსჟ-ს კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი 1 თვის წინ უთხრა. „ლა პულგას“ „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს.