„მადლობა ღმერთს, რომ ნეაპოლს ეს სიხარული მივანიჭე“ - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ
Aa
Aa

„მადლობა ღმერთს, რომ ნეაპოლს ეს სიხარული მივანიჭე“ - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ საკუთარი გუნდის წარმატებაზე ისაუბრა. „პარტენოპეი“ იტალიის სერია A-ს ჩემპიონი გახდა და იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ბედნიერი ნეაპოლელების ხილვა მისთვის ყველაფერს ნიშნავს.

„ჩემნაირი ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველთვის თავდაუზოგავად მუშაობენ, პრობლემა ისაა, რომ წარმატებით სიამოვნებას ბოლომდე ვერ იღებენ. დიახ, სკუდეტო მოვიგე, მაგრამ მუშაობას უნდა დავუბრუნდე და ესაა ცხოვრებისეული ფილოსოფია, რომელიც რაღაცას გართმევს, მაგრამ მიზნების მიღწევაში გეხმარება. გაღიმებული და ბედნიერი ნეაპოლელების ხილვა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ემოციაა და ბედნიერებას სწორედ ისინი გადმომცემენ. ახლა თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ და მადლობა ღმერთს, რომ ნეაპოლელებს ეს სიხარული მივანიჭე.

პირველ რიგში, მინდა, მადლობა ფეხბურთელებს გადავუხადო, რომლებიც ბედნიერებას იმსახურებენ. მეორე რიგში, მინდა, მადლობა ჩვენს გულშემატკივრებსა და მთელ ნეაპოლს ვუთხრა. ეს გამარჯვება თქვენთვის, კლუბისთვის, კლუბში მომუშავე თითოეული ადამიანისთვის, ჩემი პატარა გოგონა მატილდასთვის, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი მეგობრებისთვის და ჩემი ძმა მარსელოსთვისაა! ეს გამარჯვება ყველასთვისაა!

ჩვენთვის მთავარი ნეაპოლელები არიან. ყველა, ვინც ნაპოლის მაისურს ატარებს, თავს უფრო ძლიერად მათი წყალობით გრძნობს. ნეაპოლელებს მარადონას თამაში უნახავთ და ისინი ჩვენთვის შთაგონების წყაროდ იქცნენ. უფლება არ გვქონდა, წარმატებისთვის არ მიგვეღწია და ნაპოლის ყველა ფეხბურთელმა იცის, რომ ნეაპოლელების გამო, უნდა იბრძოლო, რათა ძლიერი გახდე. თუ არ იბრძვი, ამ მაისურის ტარებას არ იმსახურებ. ბოლო კილომეტრი ურთულესია და როცა ამ ეტაპზე მივედით, ნეაპოლელი ხალხი ძალიან დაგვეხმარა. ჩვენს ტრიუმფში დიეგო მარადონას ხელი ურევია და ნეაპოლო, ეს წარმატება შენ გეკუთვნის!“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ 34 ტურის შემდეგ 80 ქულა მოაგროვა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელია. ხვიჩა კვარაცხელია კახა კალაძის შემდეგ ისტორიაში მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც სკუდეტო მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
33-წლიანი ლოდინი დასრულდა - ნაპოლი იტალიის ჩემპიონია
33-წლიანი ლოდინი დასრულდა - ნაპოლი იტალიის ჩემპიონია