ხვიჩა კვარაცხელია, ლეონიდ სლუცკი, ჩისკო მუნიოსი
Aa
Aa

ხვიჩა კვარაცხელიას პროფილი | Sky Sports-ის სტატია კვარაზე

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, Sky Sports-მა „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა. Sky Sports-მა „კვარას“ ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, ლეონიდ სლუცკისთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა და საკუთარ მკითხველს გაუზიარა მიზეზები, რომლებიც ხვიჩას განსაკუთრებულ ფეხბურთელად აქცევს.

„ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ნახვა და ცოდნა, მისი გვარი როგორ გამოითქმის, ნამდვილად ღირს. მან ნაპოლის სატიტულო სვლა გააღვივა და ადამიანების წარმოსახვა დაიპყრო. ის ფაქტი, რომ მას არავინ იცნობდა, მისი თამაშისგან მიღებულ სიამოვნებას აძლიერებს. ერთი წლის წინ, იგი საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობდა. დინამო ბათუმში გატარებული მოკლე პერიოდი გეოპოლიტიკური საკითხების დამსახურება გახლდათ და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მას რუბინთან კონტრაქტის გაწყვეტა მოუწია, თუმცა ეს ფაქტი ფეხბურთელის, მეტსახელად კვარადონას შესახებ შეთხზულ მითებს უფრო მრავალფეროვანს ხდის. კვარადონასი, რომელიც არსაიდან გამოჩნდა და ყველა ევროპული კლუბის დაცვას თვალს ჭრის.

ალბათ, მთლად მართალი არაა, მაგრამ ფეხბურთის თამაშისას კვარაცხელია ისე გამოიყურება, თითქოს უცხოპლანეტელია, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ შორის იყო. ამ განცხადებას მისი ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლეონიდ სლუცკიც ეთანხმება, რომელიც ხვიჩას ძალიან კარგად იცნობს.

„კვარაცხელიას კარგი თამაში საერთოდ არ მაკვირვებს. იტალიაში ჩასვლამდე მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, რადგან რუსეთის ჩემპიონატი ევროპაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, მაგრამ რუსეთში მას ყველა იცნობდა. მისი ხარისხი და პოზიცია, რომელიც ახლა, საფეხბურთო სამყაროში უკავია, გასაკვირი არც ერთი ჩვენგანისთვის არაა. ნაპოლის ვულოცავ, რადგან ლატარიაში გაიმარჯვა და 100-მილიონიანი ფეხბურთელი ჰყავს. რუსეთში ყოფნისას, იგივე სტილი და ხარისხი ჰქონდა, მაგრამ აქ ერთი გამოთქმა გვაქვს. თუ ცუდი ფეხბურთელი კარგ გუნდში გადავა, შეეძლება, კარგი ფეხბურთელი გახდეს. თუ კარგი ფეხბურთელი ცუდ გუნდში გადავა, ცუდი ფეხბურთელი გახდება. სერია A სხვა სამყაროა და როცა ამ დონეზე თამაშს იწყებ, ეს ძალიან გეხმარება. კვარას ხარისხი ჰქონდა, მაგრამ ტიტულებისთვის მებრძოლ ნაპოლიში დიდ პროგრესს მიაღწია. მწვრთნელების, თანაგუნდელების, ჩემპიონატის დონისა და გარემოს წყალობით, იგი ბევრად, ბევრად ძლიერი ფეხბურთელი გახდა“, - აცხადებს სლუცკი Sky Sports-თან საუბრისას.

რუსი სპეციალისტი ლუჩანო სპალეტისაც აქებს, რადგან იგი ხვიჩას ადაპტაციაში დაეხმარა და ხელი შეუწყო, ჩემპიონატების დონეებს შორის არსებულ განსხვავებას მასზე დიდი გავლენა არ მოეხდინა.

„ერთადერთი ეჭვი დაცვით საკითხებთან დაკავშირებით მქონდა. პირველ შეხვედრებში, ხვიჩას უჭირდა და სპალეტი მას 60-70 წუთის შემდეგ ცვლიდა, რადგან იგი დაცვაში კარგად ვერ მუშაობდა. 3-4 მატჩის ჩატარების შემდეგ, მისი დაცვა საერთოდ სხვა დონეზე ავიდა და მეტად ინტენსიური და გამძლე გახდა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან როცა უკეთეს ჩემპიონატში გადადიხარ, ადაპტაციისთვის დრო გჭირდება. სპალეტიმ მასთან მიმართებით კარგი სამუშაო გასწია და მისი პროგრესი ყველასთვის შესამჩნევი გახდა“, - ამბობს სლუცკი.

დროთა განმავლობაში, ხვიჩას თამაშში სხვა ცვლილებაც გამოჩნდა და კვარაცხელია ახლა უფრო მოქნილი და გამძლეა: „რუსეთის ჩემპიონატი სათამაშოდ ძალიან რთული და ალბათ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთულია. აქ ხარისხის გარდა, ხასიათიც უნდა აჩვენო. რუბინის მაისურით გამართული პირველი შეხვედრებისას, ხვიჩაზე ძალიან უხეშად ჯარიმდებოდნენ, მაგრამ მსაჯებს რეაქცია არ ჰქონდათ. იტალიაში კვარას წინააღმდეგ იმავენაირად რომ იუხეშო, ყვითელ ბარათს დაიმსახურებ. მილანთან პირველ მატჩში სწორედ ეს მოხდა, მაგრამ რუსეთში განსხვავებული ვითარება იყო. კვარაზე 10-ჯერ ან 20-ჯერ არღვევდნენ წესებს, მაგრამ არბიტრები ჯარიმებსაც არ დებდნენ და ეს მისთვის სერიოზული პრობლემა იყო. თავდაპირველად, ყოველი ჯარიმის შემდეგ ტიროდა და მისი სისუსტე მოთმინების უნარის არქონა იყო. ყოველი ჯარიმის შემდეგ ღიზიანდებოდა, ჩვენ კი თითები გვქონდა გადაჯვარედინებული, რომ ტრავმა არ მიეღო. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ძალიან წაადგა და სასარგებლო გამოცდილება აღმოჩნდა“, - ამბობს სლუცკი ბრიტანულ გამოცემასთან.

მაშინაც კი, როცა კვარაცხელია მეტოქეებისგან წამოსული ზედმეტი ყურადღებისგან თავისუფლდებოდა, სანახაობისკენ და ესთეტიკისკენ იყო მიდრეკილი, რაც მწვრთნელთან უთანხმოებას იწვევდა. ლუჩანო სპალეტი დღემდე ამბობს, რომ კვარა ურთულეს გზებს ირჩევს და ამაზე ყურადღების გამახვილება სლუცკისაც მოუწია.

„კვარას ეგონა, რომ გოლს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიტანდა თუ ცხრიანში გაუშვებდა და ყოველთვის ცდილობდა, იერიშები ლამაზი დარტყმებით დაეგვირგვინებინა. მომიწია, მას გავსაუბრებოდი და მეთქვა: „კვარა, შუაში თუ დაარტყამ და მეკარეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრება, გოლი ჩაითვლება“. ჩემი სიტყვების მიუხედავად, ხვიჩას ახალგაზრდული მაქსიმალიზმი ჰქონდა და მისი ფილოსოფია მხოლოდ ლამაზი გოლების გარშემო იყო აწყობილი. ახლა ასაკი მოემატა, პასუხისმგებლობა გაეზარდა და ყველანაირი გოლი გააქვს. მათ შორის, მარტივებიც“, - ამბობს რუსი სპეციალისტი.

ზოგჯერ, არის შემთხვევები, როცა კვარაცხელია ახალგაზრდულ ფილოსოფიას არ ღალატობს. სასუოლოსთან მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს შორის იცეკვა და ლამაზი გოლი გაიტანა, ატალანტასთან კი, როცა მასთან ახლოს არც ერთი თანაგუნდელი არ იყო, 8 ფეხბურთელი მოატყუა და ბერგამოელთა კარი აიღო.

„ხვიჩას თავისუფლად შეუძლია, 3-4 ფეხბურთელი მოატყუოს. ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. კვარაცხელიას ფანტასტიკური დრიბლინგი აქვს, რომელიც შეუძლია, მარჯვნივ და მარცხნივ განახორციელოს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გენიალურია და შეტევების დაგვირგვინება შესანიშნავად გამოსდის. მოედანზე ყოფნისას, იგი არანორმალური აზროვნებით გამოირჩევა“, - აცხადებს სლუცკი.

საიდან მოდის ეს აზროვნება და საფეხბურთო ინტელექტი? ახლა ყველა სკაუტი ამაზე ფიქრობს, რადგან კვარაცხელიას აქვს ის, რაც მათ ძალიან უნდათ. ჩისკო მუნიოსს საქართველოში უთამაშია, დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი იყო და მიაჩნია, რომ ყველაფერი საკუთარი თვალით იხილა.

„ცხოვრების სტილი მთავარი ფაქტორია. საქართველოში ფეხბურთს ქუჩაში თამაშობენ. დიდი ბიჭების წინააღმდეგ პირისპირ დგებიან და უნდა იბრძოლონ და ფიზიკური კონტაქტი ჰქონდეთ, ესპანეთში კი, ვჩერდებით და პასს ვაძლევთ. ხვიჩას ეს თვისებები, რომლებზეც ახლა ყველა ლაპარაკობს, 5 წლის წინაც ჰქონდა. როცა ეროვნულ გუნდში მის მატჩებს ვუყურებდი, ვხედავდი, რომ მეტოქეზე წასვლის 3 ან 4 სიტუაცია ექმნებოდა. ახლა ეს 12-ჯერ ან 15-ჯერ ხდება. ურთულესია სკოლაში მიიღო ის თვისებები, რომლებიც ხვიჩას აქვს. კვარა უბრალოდ განსხვავებულია“, - ამბობს ჩისკო მუნიოსი.

ჩისკო დასძენს, რომ ხვიჩას ფეხბურთისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება აქვს და მას სლუცკიც ეთანხმება: „კვარა ძალიან კეთილი ადამიანია. ის ნამდვილი პროფესიონალია და ყოველთვის მზადაა, რაღაც ისწავლოს. ის ვარსკვლავივით არ იქცევა. ოჯახთან ძალიან ახლოსაა და ყოველთვის იღიმის. მასზე უარყოფითს ვერაფერს ვიტყვი და მისით ძალიან ვამაყობ. კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც ჭერი და ლიმიტი არ აქვს. მისი მაქსიმუმი ცაა! არ არსებობს სახურავი, რომელიც მას გააჩერებს. ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშობს, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე გამოსვლაც შეუძლია. საუბარი მაქვს ისეთ კლუბებზე, როგორებიც სიტი, ბაიერნი, რეალი და ბარსელონა არიან. ამ წუთისთვის, ის ნებისმიერი კლუბის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდებოდა“.

შეგახსენებთ, რომ „კვარას“ თამაშს ხვალ ვიხილავთ, როცა მისი „ნაპოლი“ „მილანს“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალის სკაუტები ხვიჩას მილანთან დააკვირდებიან - ესპანური მედიის საინტერესო ცნობა
რეალის სკაუტები ხვიჩას მილანთან დააკვირდებიან - ესპანური მედიის საინტერესო ცნობა