Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მიმოხილვა

გუშინ ღამით, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა.

 

***

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი ფრე ითამაშა. ავსტრიაში გამართული შეხვედრა1-1 დასრულდა.

ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა. ქართველებმა ავსტრიელების უყურადღებობით ისარგებლეს და კონტრშეტევა წამოიწყეს. ჯანო ანანიძის ზუსტი პასის შემდეგ, საჯარიმოში ეფექტურად იმოქმედა ვაკო გვილიამ და „ჯვაროსნები“ დააწინაურა.

ტაიმის მიწურულს ტრადიცია არ დავარღვიეთ. ქართველთა დაცვასა და ნახევარდაცვას ჩამოეძინა, რაც მასპინძლებმა გამოიყენეს და წონასწორობა აღადგინეს. გოლის ავტორი ლუის შაუბი გახდა.

მეორე ნახევარი შედარებით მოსაწყენი გამოდგა. ავსტრიელებემა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. ჩვენ კი მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ საქართველომ ისევ არ წააგო.

***

D ჯგუფში ლიდერობა გაიმყარა სერბეთმა, რომელმაც ირლანდიას დუბლინში მინიმალური ანგარიშით 1-0 მოუგო.

მატჩის ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე გავიდა. სერბების ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრ კოლაროვმა თავისი ცნობილი ცაციათი გაისროლა და ირლანდიელთა მეკარე უშანსოდ დატოვა.

ამ გამარჯვების შემდეგ სერბებს 18 ქულა დაუგროვდათ და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდნენ. ირლანდია კი 13 ქულით მე-3 პოზიციაზე დაქვეითდა.

***

G ჯგუფში იტალიის ნაკრებმა მეორე ადგილი გაინაღდა.

"სკუადრა აძურამ" საკუთარ მოედანზე ისრაელს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლის ავტორი ჩირო იმობილე გახდა, რომელმაც ანტონიო კანდრევას გადაცემის შემდეგ ლამაზი თავურით თავისიანები დააწინაურა.

ჯამპიერო ვენტურას გუნდი, ლიდერ ესპანეთის ნაკრებს 3 ქულით ჩამორჩება.

***

თავის მატჩი აუღელვებლად მოიგო ესპანეთმა, რომელმაც ლიხტენშტეინი არ დაინდო და 8 უპასუხო გოლი გაუტანა.

მასპინძელთა რბევა მე-3 წუთზე სერხიო რამოსმა დაიწყო, რომელმაც დავიდ სილვას ჩაწოდებული ბურთი თავური დარტყმით მეტოქის კარში გადაგზავნა.

მე-15 წუთზე, ანდრეს ინიესტამ მარჯვენა ფლანგიდან ალვარო მორატას უპასა, რომელმაც რამოსის მსგავსად ზუსტი თავურით გაიტანა - 2-0.

ერთი წუთის შემდეგ, მასპინძელთა მეკარემ მოგერიების დროს ბურთს ფეხი ააცილა, რომელიც მორატას დარჩა და „ჩელსის“ ფორვარდმა უკეთეს პოზიციაში მყოფ ისკოს გადააწოდა - 3-0.

39-ე წუთზე დავიდ სილვამ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით სხვაობა 4 ბურთამდე გაზარდა.

51-ე წუთზე მორატას თავური ხარიხას მოხვდა, შემდეგ მეკარეს და კარის ხაზთან მდგომ იაგო ასპასს მიუვიდა, რომელმად სავარაუდოდ კარიერაში ყველაზე ადვილი გოლი გაიტანა.

3 წუთის შემდეგ, ასპასი ასისტენტის როლში მოგვევლინა, რომელმაც ალვარო მორატა დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა და მანაც მარტივად შეასრულა.

62-ე წუთზე საჯარიმოში მცველების უყურადღებობით ისარგებლა იაგო ასპასმა და დუბლი გაიფორმა.

89-ე წუთზე დეულოფეუს დარტყმულის შემდეგ მასპინძელთა მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 8-0.

***

I ჯგუფში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. სტამბოლში თურქეთმა ხორვატიას უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე გავიდა. შორეული დარტყმის შემდეგ მეკარემ ბურთი ცუდად მოიგერია და დამატებაზე თოსუნმა ანგარი გახსნა.

ამ გამარჯვების შემდეგ, თურქებს 14 ქულა დაუგროვდათ და ჯგუფიდან გასვლის შანსებს ინარჩუნებენ.

***

თავისი მატჩი მოიგო ისლანდიამ, რომელმაც შინ უკრაინელებს სძლია და ხორვატიასთან ერთად 16 ქულით I ჯგუფს ლიდერობს.

შეხვედრაში ანგარიში 47-ე წუთზე გაიხსნა. ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, უკრაინელთა გოლკიპერმა გამოსვლაზე ცუდად ითამაშა, რის შემდეგაც გილფი სიგურდსონს გატანა არ გასჭირვებია.

66-ე წუთზე მასპინძლებმა ულამაზესი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც გოლით კვლავ სიგურდსონმა დააგვირგვინა.

***

მორიგი ტურის მატჩები გაიმართა კონმებოლის ზონაში.

კოლუმბიამ ლიდერ ბრაზილიას უმასპინძლა და ფრედ 1-1 ითამაშა.

შეხვედრაში ანგარიში 47-ე წუთზე გაიხსნა. ნეიმარის გადაცემის შემდეგ ვილიანმა ულამაზესი დარტყმით ბრაზილია დააწინაურა.

56-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ყველას რადამელ ფალკაომ დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.

კოლუმბია 26 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს და ძალიან დიდი ალბათობით რუსეთის საგზურის მოპოვება არ გაუჭირდება.

***

სენსაცია დაფიქსირდა არგენტინაში, სადაც მასპინძლებმა ვენესუელას დამარცხება ვერ მოახერხეს.

50-ე წუთზე არგენტინელთა დაცვა ჩავარდა და ერთი-ერთზე გასულმა მურლიომ ვენესუელა წინ გაიყვანა.

არგენტინელებმა 5 წუთის შემდეგ საგოლე შეტევა წამოიწყეს. აკუნიას გარღვევის შემდეგ, საჯარიმოში დასწრებაზე ყველას იკარდიმ აჯობა და ანგარიში გაათანაბრა.

მიუხედავად დიდი უპირატესობისა, მასპინძლებმა აუტსაიდერი ვენესუელას დამარცხება მაინც ვერ მოახერხეს და მათი მუნდიალზე ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

დარჩენილ 2 ტურში, ხორხე სამპაოლის გუნდი პერუსა და ეკვადორს დაუპირისპირდება. არგენტინას ორივე მატჩის მოგება სჭირდება, რათა მათი ბედი სხვაზე დამოკიდებული არ იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები