მიქაუტაძის სუპერმატჩი - დუბლი ბორდოსთან ბრწყინვალე გოლებით
საფრანგეთის ლიგა 2-ის 31-ე ტურში „მეცმა“ შინ „ბორდო“ 3:0 დაამარცხა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, თუმცა ტაიმის მიწურულს „მეცის“ ქართველი ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის წინააღმდეგ დარღვეული თამაშის წესის გამო „ბორდოს“ მეკარემ წითელი ბარათი მიიღო და მატჩის დარჩენილი დრო ჟირონდელებმა რიცხვობრივ უმცირესობაში გაატარეს.
ამ ეპიზოდთთან დაკავშირებით მიქაუტაძემ შესვენებისას განაცხადა: „მეკარე ბურთზე თამაშის ნაცვლად მე დამეჯახა. ვფიქრობ, წითელი ბარათი დაიმსახურა“.
რაც შეეხება მეორე ტაიმს, 49-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ, 52-ე წუთზე მიქაუტაძემ დაბალ კუთხეში უზუსტესი დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა.
მისი მეორე გოლი შთამბეჭდავი გამოვიდა, საჯარიმოში „ბორდოს“ ყველა მოთამაშეს აჯობა და ზუსტი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.
მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ის 30 მატჩში გიორგი მიქაუტაძემ 17 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, 1 გოლი საფრანგეთის თასზე გაიტანა. ასე რომ, მის აქტივში ამ სეზონში უკვე 18 გოლია. პლუს, კიდევ ერთი გოლი გასულ თვეში ნორვეგიას გაუტანა. ცხადია, ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს, უშუალო კონკურენტს 2 გოლით უსწრებს.
რაც შეეხება „ბორდოს“ ქართველ შემტევს, ზურიკო დავითაშვილს, ის ჟირონდელთა სასტარტოში კვლავ ვერ მოხვდა, თამაშში 65-ე წუთიდან ითამაშა. მოგეხსენებათ, „ბორდომ“ დავითაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ქართველ ფეხბურთელს ბათუმის „დინამოდან“ გამოისყიდის.
საფრანგეთის ლიგა 2-ში „ბორდო“ 56 ქულით მეორე ადგილზეა და მესამე პოზიციაზე მყოფ „მეცს“ 1 ქულით უსწრებს. ლიგა 1-ში მხოლოდ პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები აღზევდებიან.