გიორგი მამარდაშვილი, რუბენ ბარახა
Aa
Aa

ვალენსიას თავკაცი: „ოპტიმისტური განწყობა გვაქვს, დასრულებული არაფერია“

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ უშუალო კონკურენტთან, „ალმერიასთან“ გამართულ მატჩზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა 1:2 დათმო. ესპანელი სპეციალისტი მეორე ტაიმით უკმაყოფილო დარჩა და განაცხადა, რომ „ღამურებისთვის“ დასრულებული ჯერ არაფერია.

მატჩის შეფასება

„დღევანდელ მატჩში განვითარებული მოვლენებით ძალიან გაბრაზებული ვარ. პირველ ტაიმში შანსები გვქონდა, რომ დავწინაურებულიყავით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, მეორე ნახევრის სტარტზე კი მოხდა ის, რაც დაუშვებელია. ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან გვინდოდა, გასვლით მატჩებში დინამიკა შეგვეცვალა და ქომაგებისთვის, რომლებიც ამ შეხვედრას დაესწრნენ, გამარჯვება გვეჩუქებინა. რთული დღე იყო. ჩვენი მიზანი ქულის აღება გახლდათ და არაფერი გამოგვივიდა. თუმცა, დეპრესიაში არ უნდა ჩავვარდეთ. დასრულებული არაფერია, 10 მატჩია დარჩენილი და თავდაუზოგავად ვიმუშავებთ, რათა ვითარების შესაცვლელად საჭირო ოდენობის ქულები ავიღოთ“.

სტანდარტულ სიტუაციებზე

„სტანდარტული სიტუაციებისას თავის დაცვაზე ვმუშაობდით, მაგრამ დღეს, მეტოქეთა გადაადგილებისთვის სათანადო ყურადღება არ მიგვიქცევია და კარიდან კარგად არც გიორგი გამოსულა, რასაც გოლი მოჰყვა. დავუშვით შეცდომა, რომელმაც ძალიან დიდი განსხვავება შექმნა და ალმერია 2-ბურთიანი უპირატესობის მიღებას არ იმსახურებდა“.

სეზონის დარჩენილ ნაწილზე

„მჯერა, რომ თავდაუზოგავი მუშაობითა და დაცვის გაძლიერებით საჭირო ოდენობის ქულებს მოვიპოვებთ, რათა სიტუაცია შევცვალოთ. აშკარაა, რომ რთული მიზანი გვაქვს მისაღწევი, მაგრამ 10 მატჩი დაგვრჩა და რატომ არაა შესაძლებელი ვითარების შეცვლა? უახლოეს შეხვედრებში უშუალო კონკურენტებს ვეთამაშებით და ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების დახმარებით, ვითარების შეცვლა შეგვიძლია. ოპტიმისტური და პოზიტიური განწყობა მაქვს. მართალია ახლა გაბრაზებული ვარ, რადგან მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ, მჯერა, ჩვენ მიერ გაწეული სამუშაო შედეგს გამოიღებს“.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიას“ 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-18 პოზიციას იკავებს. „ღამურები“ მომდევნო მატჩს 16 აპრილს გამართავენ და „სევილიას“ დაუპირისპირდებიან, რომლის ანგარიშზეც 32 ქულაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას შეცდომა გამოსვლაზე - ვალენსია კონკურენტთან დამარცხდა
მამარდას შეცდომა გამოსვლაზე - ვალენსია კონკურენტთან დამარცხდა