მესიმ რონალდუს რეკორდი მოხსნა - 702-ე გოლი და მეათასე საგოლე მოქმედება
საფრანგეთის ლიგა 1-ში „ნიცა“ შინ პსჟ-სთან 0:2 დამარცხდა. ანგარიში 26-ე წუთზე ლიონელ მესიმ გახსნა. 76-ე წუთზე მესის საგოლე პასით სერხიო რამოსმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რამოსის ეს გოლი მესისთვის იმ კუთხით იყო მნიშვნელოვანი, რომ არგენტინელმა საკლუბო ფეხბურთში მე-1000 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა (გოლს პლუს საგოლე პასი).
ევროპულ კლუბებში გატანილი გოლებით ლიონელ მესი საუკეთესოა, მის აქტივში 702 გოლია და კრიშტიანუ რონალდუს 1 გოლით უსწრებს. 35 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა რონალდუს „ნიცასთან“ გატანილი გოლით გაუსწრო. მესიმ „ბარსელონას“ რიგებში 672 გოლი შეაგდო, პსჟ-ს მაისურით კი - 30.
რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, პორტუგალიელმა ლისაბონის „სპორტინგისთვის“ 5 გოლი გაიტანა, „მან. იუნაიტედისთვის“ - 145, მადრიდის „რეალისთვის“ - 450, „იუვენტუსისთვის“ - 101.
ტოპ 5 ლიგაში გატანილი გოლებით რონალდუ მესის 1 გოლით უსწრებს, კრიშტიანუს აქტივში 495 გოლია. შესაბამისად, მესის ანგარიშზე 494 გოლია, თუმცა დიდი ალბათობით მესი რონალდუს ამ რეკორდსაც მალე მოხსნის.
Lionel Messi passes Cristiano Ronaldo for most club goals scored in Europe ???????? pic.twitter.com/zKhaPAojxo
— ESPN FC (@ESPNFC) April 8, 2023
მესიმ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში 25 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა. გოლს პლუს საგოლე პასის სისტემით მესი ტოპ 5 ლიგაში საუკეთესოა.
რაც შეეხება მხოლოდ საგოლე პასებს, ამ კუთხით ტოპ 5-ში მესი და კევინ დე ბრუნი ლიდერობენ 14-14 საგოლე გადაცემით.