ერთ-ერთი საუკეთესო - ლოჩოშვილის მაღალი შეფასება და გამორჩეული მატჩი სერია ა-ში
სერია ა-ს 29-ე ტურში „სამპდორია“ შინ „კრემონეზესთან“ 2:3 დამარცხდა. სტუმართა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა 85-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა - 2:2.
მე-5 დამატებულ წუთზე „კრემონეზეს“ კიდევ ერთმა ცენტრალურმა მცველმა ლეონარდო სერნიკოლამ გამარჯვების გოლი გაიტანა, დავიდე ბალარდინის გუნდმა დრამატულ შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
ორივე გუნდს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ლუკა ლოჩოშვილი იყო. Whoscored-მა ქართველს, რომელმაც სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, 7,5 დაუწერა. თანაგუნდელთა შორის ლუკაზე მაღალი შეფასება მხოლოდ ლეონარდო სერნიკოლამ მიიღო (8,6), რომელიც სათადარიგოთა სკამზე იჯდა და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. Whoscored-ის მსგავსად Sofascore ლუკას მაღალ შეფასებას უწერს - 7,1, თუმცა Sofascore-მა ლუკაზე ოდნავ მაღალი შეფასება მის რამდენიმე თანაგუნდელ მიაკუთვნა. კერძოდ, კარნეზეკის (7,2), კვალიატასა (7,2) და გილონეს (7,2). სერნიკოლას Sofascore საუკეთესოდ მიიჩნევს - 8,8.
ლუკამ კარისკენ ორჯერ დაარტყა, 43 პასი შეასრულა, მათგან 88,4% ზუსტი იყო. ლუკამ 4 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, დაცვაში მოქმედებისას ბურთი 2-ჯერ ჩაჭრა, ერთხელ მეტოქის დარტყმული დაბლოკა. ასევე, ორჯერ ბურთი სახიფათო ზონიდან გამოიტანა. გოლის გარდა დაცვაშიც საკმაოდ პროდუქტიული იყო.
ლუკა ლოჩოშვილმა სერია ა-ში 18 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა. 1 საგოლე პასის ნაცვლად მის აქტივში 2 გოლი უნდა ყოფილიყო, თუმცა კირილ დესერსმა ქართველს „სპეციასთან“ გოლი „წაართვა“.
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში ლუკა „ვოლფსბერგერიდან“ 1,6 მილიონი ევროს სანაცვლოდ „კრემონეზეში“ გადავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი სერია ა-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, მაღალ დონეზე თამაშობს, დამაჯერებლობითა და საიმედოობით გამოირჩევა.