მეგობრობა გვერდზე გადადო - ჟოზემ საკუთარი მომავალი გადაწყვიტა
ბოლო პერიოდის განმავლობაში ჟოზე მოურინიოს აქტიურად უკავშირებდნენ „პარი სენ ჟერმენს“ და „ნიუკასლს“.
„კაჭკაჭებს“ პორტუგალიელი სპეციალისტის დანიშვნა ზაფხულში სურთ. ბრიტანული მედია არ მალავს, რომ „განსაკუთრებული“ „ნიუკასლის“ მთავარი სამიზნეა.
რაც შეეხება „პარი სენ ჟერმენს“, ჟოზე და კლუბის სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი დიდი ხნის მეგობრები არიან და ამის საშუალებით კამპოსი მოურინიოს დაყოლიებას ცდილობდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, მოურინიომ კონტრაქტის ამოწურვამდე(2024 წლამდე) „რომაში“ დარჩენა გადაწყვიტა. ეს კი „ჯალოროსის“ ქომაგებს ძალიან ახარებს, რადგან თუ პორტუგალიელი გუნდში დარჩება, დიბალა და სმოლინგიც არსად წავლენ.
აღნიშნულ ფეხბურთელებს ჟოზესთან შესანიშნავი ურთიერთობა აკავშირებთ და მეტიც, „რომაში“ სწორედ მის გამო თამაშობენ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში დედაქალაქური კლუბი სერია ა-ში ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის იბრძვის, ხოლო ევროპის ლიგაზე მეოთხედფინალში გავიდა, სადაც „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდება.