ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

კვარა, ნაკრები, ქართული ენა, თბილისი - სანიოლმა ბევრ თემაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ფრანგულ გამოცემას, So Foot-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრ თემაზე ისაუბრა.

საქართველომ ბოლო მატჩი 17 ნოემბერს, მაროკოს წინააღმდეგ გამართა და 25 და 28 მარტს ორი შეხვედრა ელის, რომელთა შორის ჰოლანდის ნორვეგიასთან ჩანიშნული დაპირისპირებაცაა.

„მიხარია, გულშემატკივრები და ფეხბურთელები რომ გვიბრუნდებიან. მაროკოსთან გამართულ შეხვედრაში, რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა და იმ ფეხბურთელთა გამოძახება მომიწია, რომლებიც ისვენებდნენ. ნორვეგიასთან მატჩამდე, მონღოლეთს ვხვდებით. ფედერაციას ვთხოვე, ჩვენზე შედარებით სუსტი მეტოქე შეერჩია, რადგან მინდოდა, კონკრეტული ფეხბურთელებისთვის თავის გამოჩენის შანსი მიმეცა.

ჩვენი პრიორიტეტი ნორვეგიასთან გასამართი მატჩია. ჯგუფს რაც შეეხება, ესპანეთი ფავორიტია. ნორვეგიას ჰოლანდი ჰყავს, რომელიც ბრწყინვალე ფეხბურთელია, თუმცა, მისი თანაგუნდელებიც მაღალი დონის არიან. ასევე, ჩვენს ჯგუფშია შოტლანდია და ძალიან კარგად ვიცი, გლაზგოში ჩასვლა და თამაში რამდენად რთულია. ამასთან, კვიპროსიც არ უნდა დაგვავიწყდეს. არ ვამბობ, რომ ევრო 2024-ის საგზურის მოპოვების შანსი არ გვაქვს, უბრალოდ, ვაცხადებ, რომ ჩვენი როლის თამაშს შევეცდებით. თუ ტრავმები თავიდან ავირიდეთ და საშუალება მომეცა, 18-20 ფეხბურთელისგან შემდგარი ჯგუფი გამოვიყენო, ყველა მეტოქეს სერიოზულ პრობლემებს შევუქმნით, თუმცა, საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 შეხვედრა უნდა გავმართოთ, რომლებიც 8 თვეზეა გადანაწილებული...

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისას, შვედეთს მოვუგეთ, საბერძნეთს სტუმრად ფრე ვეთამაშეთ და ესპანეთმა ბოლო წამებზე გვაჯობა. ვფიქრობ, ერთ შეხვედრაში ნებისმიერი მეტოქის დამარცხებაა შესაძლებელი, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპის ხანგრძლივობის გამო, ყველაფერი რთულდება, განსაკუთრებით, ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებული საკითხები“.

ერთა ლიგის გასული გათამაშება და B ლიგის საგზურის მოპოვება

„შემტევი ფეხბურთი ვაჩვენეთ, 5-დან 4 თამაში მოვიგეთ და ჩრდილოეთ მაკედონია, გუნდი, რომელმაც იტალია მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დატოვა, ჩვენ კი ევრო 2020-ზე არ გაგვიშვა, ორჯერ დავამარცხეთ. საქართველოს ნაკრები წარმატებას აღწევს და ეს თავდაჯერებულობასა და მოტივაციას ზრდის. აშკარად პროგრესის გზაზე ვართ და ახლა ჩვენი გამოწვევა ევროპის ჩემპიონატის საგზურის დასაკუთრებაა“.

საქართველოს ნაკრებში დანიშვნა და დადებითი პასუხის განმაპირობებელი მიზეზები

„ბაიერნის სამწვრთნელო შტაბში მუშაობის შემდეგ, RMC-ის კონსულტანტი ვიყავი და ამან საშუალება მომცა, საფეხბურთო სამყაროში მიმდინარე მოვლენებისთვის თვალი მედევნებინა. როცა საქართველოდან წინადადება მივიღე, ამ ქვეყნისა და ადგილობრივი ფეხბურთის შესახებ პრაქტიკულად არაფერი ვიცოდი. არადა, 2006 წელს, თბილისში ვიმყოფებოდი. მახსოვს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დამიკავშირდა და მიღებულ წინადადებას სწრაფად დავთანხმდი. რატომ? პროექტი მომეწონა და თან, მის შენებაში მონაწილეობა შემომთავაზეს. მაშინ, როცა კლუბებში იგივე არ სურთ და ითხოვენ, შედეგი მთავარი მწვრთნელის პოსტის ჩაბარებისთანავე გქონდეს. საქართველოს ფედერაციასთან 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე ბევრი არ მიფიქრია და რამდენიმე კვირის წინ, ხელშეკრულება გავახანგრძლივეთ.

საქართველოს ნაკრებში დანიშვნის შემდეგ, გადავწყვიტე, ყოველწლიურად, რამდენიმე თვე თბილისში გავატარო, რადგან ჩემთვის, როგორც მთავარი მწვრთნელისთვის, მნიშვნელოვანია, ვიცნობდე ქვეყანას, სადაც ვმუშაობ, მის კულტურას, ტრადიციებსა და მოსახლეობას. ეს საშუალებას მომცემს, ფეხბურთელებს უკეთ გავუგო. სხვათა შორის, ქართული ენის სწავლა დავაპირე, მაგრამ ჩემმა მოთამაშეებმაც მირჩიეს, ეს არ გამეკეთებინა. ქართული ანბანი უნიკალურია და ძალიან ძნელი ჩანს“.

საქართველო ლამაზი ქვეყანა ჩანს, თბილისი კი საცხოვრებლად სასიამოვნო ქალაქი უნდა იყოს...

„12-დან 7 თვეს საქართველოში ვატარებ. ჩემი მოვალეობაა, ევროტურნირების შეხვედრებსა და თასის მატჩებს თვალი ვადევნო და ფედერაციაში ვიყო. საქართველო ლამაზი ქვეყანაა, რომელსაც მდიდარი კულტურა აქვს. ქართველი ხალხი სტუმართმოყვარე და თბილია და აქ ძალიან გემრიელად ვჭამთ ხოლმე. როცა თბილისს ვტოვებ და სხვა ქალაქებში გამართულ მატჩებს ვესწრები, ამ პატარა ქვეყნის სილამაზეს ბოლომდე ვითავისებ. თბილისს რაც შეეხება. ლამაზი, საცხოვრებლად სასიამოვნო და დინამიკური ქალაქია. საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. ალბათ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა და მანქანის კარის ჩაკეტვა რომ დაგავიწყდეს, არაფერი მოხდება“.

როგორ აღწერს ქართველ ფეხბურთელს

„ქართველი ფეხბურთელი ტექნიკური შესაძლებლობებით გამოირჩევა. ჩემს გუნდს 3-მცველიანი ტაქტიკითა და შემტევი ფლანგებით სწორედ ამიტომ ვათამაშებ. ჩემი მოსვლის შემდეგ, გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს, რადგან სწრაფი და გამძლე ელემენტები გვჭირდება, რათა თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. გამოძახებულ ფეხბურთელთა შორის, რამდენიმე ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობს და ქვეყნის საუკეთესო კლუბებს, დინამო თბილისსა და დინამო ბათუმს წარმოადგენენ“.

შეიცვალა თუ არა დამოკიდებულება ქართველი ფეხბურთელებისადმი ხვიჩა კვარაცხელიას ასპარეზობის გამო

„დიახ, ეს ძალიან დაგვეხმარა. ხვიჩა იტალიაში საოცრებებს აკეთებს. მისი თამაშის გამო, ქართველი ფეხბურთელებისადმი ინტერესი გაიზარდა, განსაკუთრებით, საფრანგეთში. მახსოვს, როცა კვარაცხელიამ ომის გამო რუბინი დატოვა, რამდენიმე ფრანგულ კლუბს გავესაუბრე და ვუთხარი, ხვიჩა გადაეყვანათ, მაგრამ უარი თქვეს. კვარამ დინამო ბათუმში რამდენიმე თვე გაატარა და შემდეგ ნეაპოლში წავიდა, დღეს კი შედეგი სახეზე გვაქვს. ხვიჩას აფეთქების შემდეგ, ფრანგული კლუბები მირეკავენ და მთხოვენ, ინფორმაცია მივაწოდო“.

ინტერესი ეროვნული ნაკრების მატჩებისადმი

„საქართველოს ნაკრების თამაშებისადმი ყოველთვის დიდი ინტერესია. საქართველოში ფეხბურთი უყვართ და ჩვენი ბოლო შედეგებიდან გამომდინარე, მოლოდინიც გაიზარდა. არ ვფიქრობ, რომ წნეხის ქვეშ არ ვარ. პირიქით, აქ წნეხი ძალიან დიდია და ამ მხრივ, ლათინური ამერიკის ქვეყნები მაგონდება, თუმცა, ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით! წნეხის გარეშე შედეგი ვერ გექნება. როცა საქართველოს ნაკრებში მუშაობა დავიწყე, ხალხი ჩემში ბაიერნის ყოფილ ფეხბურთელს ხედავდა, ახლა კი ეროვნული გუნდის თავკაცად აღმიქვამენ“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ მატჩს გამართავს. 25 მარტს, საქართველოსა და მონღოლეთის ამხანაგური შეხვედრა გაიმართება, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სანიოლის გუნდი ნორვეგიას უმასპინძლებს. ორივე საფეხბურთო დაპირისპირება ბათუმში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები