პენალტის ეპიზოდში, დი ლორენცომ კვარაცხელია დაამშვიდა - რა თქვა ამაზე სპალეტიმ
იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „ტორინო“ 4:0 დაამარცხა და ჩემპიონობისკენ მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
დღევანდელ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე გოლის ეპიზოდში თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც თავადვე შეასრულა და სერია A-ში მე-12 გოლი გაიტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ DAZN-ის მიკროფონთან მცირე კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა კვარაცხელიას თერთმეტმეტრიანს ეხებოდა. მედიის წარმომადგენელმა სპალეტის ჰკითხა, რომ პენალტის დარტყმის ეპიზოდში, ქართველი ფეხბურთელი გუნდის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ დაამშვიდა და გაამხნევა, სპალეტიმ კი ეს ფაქტი ასე შეაფასა:
„დი ლორენცო ბრწყინვალე პიროვნებაა, რომელსაც არაჩვეულებრივი ხასიათი აქვს. ასევეა ოსიმენი, კიმი და რაჰმანი. ისინი მოედანზე აბსოლუტური ლიდერები არიან. ეს მოთამაშეები ყოველთვის ახერხებენ, რომ მოედანზე თანაგუნდელები დაამშვიდონ და მისცენ ძალა, რომლითაც ისინი მატჩის ბედს გადაწყვეტენ“, - ამბობს სპალეტი.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 29 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 13 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. კონკრეტულად სერია A-ში მის ანგარიშზე 22 მატჩი, 11 გოლი და 10 საგოლე პასია.
27 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილს 71 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან „ინტერს“ 21 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 აპრილს, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ საკუთარ მოედანზე „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.