ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

წარმატების საიდუმლო | ნაპოლის ფეხბურთელები - საკუთარი ქვეყნების ქველმოქმედი ელჩები

არსებობს მოლოდინი, რომ სცენარი, რომელიც იტალიის სერია ა-ში გაიწერა, პრაქტიკულად, აღარ უნდა შეიცვალოს. უდიდესი ალბათობით, ნაპოლი ნანატრ ჩემპიონობას იზეიმებს და ეს სავარაუდოდ, ყველაზე მოულოდნელ წელს მოხდება, რასაც ნეაპოლიტანელები სეზონის განახლებამდე, ყველაზე კეთილ ზღაპარშიც ვერ წარმოიდგენდნენ.

ბევრს საუბრობენ, როგორ შეძლო 63 წლის ლუჩანო სპალეტის ნაპოლიმ ლიდერების დაკარგვის შემდეგ ფერფლიდან აღდგენა და თავიდან, ხელახლა დაბადება.

სინამდვილეში, მთავარი საიდუმლო გუნდურობასა და იმ გარემოშია, რომელსაც თითოეული ფეხბურთელი კლუბსა და მის გარეთ, ინდივიდუალურად ქმნის.

ხვიჩა კვარაცხელიას კეთილი საქმეების შესახებ ბევრჯერ გვისაუბრია. ამჯერად, ხვიჩას თანაგუნდელზე, პიოტრ ზელინსკიზე მოგიყვებით. 28 წლის პოლონელი ფეხბურთელი საკუთარ სამშობლოში ბევრი მიზეზის გამო უყვართ, ამ მიზეზებს შორის კი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ქველმოქმედებაა. პიოტრ ზელინსკიმ საკუთარი ფინანსებით ორი შენობა ააშენა, გაარემონტა, ყველა საჭირო პირობა შექმნა და ბავშვთა სახლებად აქცია. იმ სახლებად, სადაც მშობლებისგან მიტოვებულ, გაჭირვებულ და სითბომოკლებულ ბავშვებს ღამის გასათევით, ცხელი კერძებითა და სიყვარულით უმასპინძლდებიან. პოლონელი ფეხბურთელის ბავშვთა სახლი ნარკოდამოკიდებული და ალკოჰოლიკი მშობლებისგან გამოქცეული ბავშვებისთვისაა.

პიოტრ ზელინსკი ორივე ბავშვთა სახლს თავად, სრულად აფინანსებს, ხელმძღვანელი კი მისი და და ოჯახია. ადგილობრივი მედია წერს, რომ როდესაც ის მშობლიურ პოლონეთში ჩადის, ბავშვებთან ერთად საათობით ერთობა, მათთან ერთად იკვებება და იცინის.

,,მჯერა, რომ მათთვის ფსიქოლოგიური თანადგომა უმთავრესია", - აღნიშნა პიოტრ ზელინსკიმ და მოგვიანებით ბავშვთა სახლებს ფსიქოლოგიური მომსახურებებიც დაამატა, ამ ყველაფერს კი საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით აკეთებს, რომელსაც ,,Peter Pan“ უწოდა.

ფინანსური პრობლემები უცხო არც ვიქტორ ოსიმენისთვის  ყოფილა. ნაპოლის ნიგერიელ ლიდერს დედა ნაადრევად გარდაეცვალა, რომელიც მისი და ოჯახის სხვა წევრების გამოსაკვებად წყალს ჰყიდდა. მოგვიანებით, დედის ფუნქცია პატარა ვიქტორმა შეითავსა, მისი და კი ფორთოხლის გამყიდველად გადაიქცა. ოსიმენი იხსენებს, რომ უმეტესად, ფეხსაცმელებს ნაგავსაყრელზე ეძებდა.

,,ლაგოსი არის ადგილი, სადაც არავინ არაფერს გპირდება. გარშემო სულ უიმედობაა“, -აღნიშნა ნიგერიელმა პოპულარულ  France Football-თან.

სწორედ ამიტომ, ოსიმენი მშობლიური კუთხისა და ხალხის იმედად თავად იქცა:

,,სადიო მანეს პიროვნებით მოხიბლული ვარ. ის, თუ რას აკეთებს აფრიკისთვის, შთამბეჭდავია. მეც მსურს, ქველმოქმედებაში საკუთარი წვლილი შევიტანო და თუ შემეძლება რაიმე უკეთესობისკენ შევცვალო, ამას მთელი გულით გავაკეთებ!“

არსებობს ისტორია, რომ ოსიმენმა შემთხვევით ახალგაზრდა, 26 წლის ქალის შესახებ შეიტყო, რომელიც შვილის გამოსაკვებად წყალს ჰყიდდა. ისტორია ეცნო, მისი ფოტო კი სოციალურ ქსელში განათავსა და ვინაობის გაგება ითხოვა. მისმა გამომწერებმა  ხელი შეუწყეს, მარტოხელა დედა იპოვეს, ხოლო ოსიმენმა მას დიდი თანხა უსახსოვრა. გაირკვა, რომ ქალი ამპუტანტი იყო, მისი ეს მდგომარეობა კი ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია, რის შემდეგაც, დედ-მამა დაკარგა.

ისტორიის დასასრული ასეთია - ოსიმენმა ლაგოსის მმართველობას მიმართა და ქალი არც დროებითი თავშესაფრის გარეშე დატოვა.

ახლახანს, ელიფ ელმასმა, პიოტრ ზელინსკიმ, ვიქტორ ოსიმენმა და ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარი, ავტოგრაფებიანი მაისურების აუქციონზე გაყიდვა გადაწყვიტეს. მიზეზი თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრა და ტრაგედიაა, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო ინფორმაციით , ხვიჩას მაისურში - 90 000 თურქული ლირის (11 538 ლარის), ელიფ ელმასის მაისურში - 55 000 თურქული ლირის (7 051 ლარის), ვიქტორ ოსიმენის მაისურში - 50 000 თურქული ლირის (6 410 ლარის), ხოლო პიოტრ ზელინსკის მაისურში - 35 000 თურქული ლირის (4 487 ლარის) გადახდა სურთ, რაც ისევ და ისევ სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები