ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ისინი განსხვავებას ქმნიან - Gazzetta სერია A-ს საუკეთესო დრიბლიორებზე წერს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, Gazzetta dello Sport-ი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც სერია A-ს საუკეთესო დრიბლიორებზე და თანამედროვე ფეხბურთში დრიბლინგის მნიშვნელობაზე საუბრობს. „კვარა, ლეაუ და ისინი, ვინც მეურვეებს სცდებიან: რადგან დრიბლინგი განსხვავებას ქმნის“ - ასეთია სტატიის სათაური და როგორც მიხვდით, მასში ქართველ ფეხბურთელზეცაა ლაპარაკი.

„მიეცით ბურთი ორ ბავშვს და მისით თამაშისას, ისინი ეცდებიან, ერთმანეთს აჯობონ, რადგან დრიბლინგი ფეხბურთის ბუნების განუყოფელი ნაწილია და ინსტინქტურ კომპონენტს წარმოადგენს. როცა ეს სპორტი პირველ ნაბიჯებს დგამდა, ფეხბურთი სწორედ დრიბლინგზე იყო დაფუძნებული. 1863 წელს, როცა ფეხბურთის ასოციაციამ ფუნდამენტური წესები შეიმუშავა, რათა ფეხბურთი რაგბისგან განსხვავებული სპორტი ყოფილიყო, პასზე არავინ ფიქრობდა და მოთამაშეები ცდილობდნენ, მეტოქის კართან ბურთი ინდივიდუალურად მიეტანათ.

რამდენიმე წლის შემდეგ, ბრიტანელებმა ფეხბურთი პასზე ორიენტირებულ თამაშად აქციეს და ტაქტიკა სახელად, „კემბრიჯის პირამიდა“ შეიმუშავეს. ეს პირველი სათამაშო სქემა იყო, რომელიც საფეხბურთო სამყაროში დამკვიდრდა. იმ დღიდან თითქმის 1.5 საუკუნეა გასული და მსგავსი სტილი და სქემა მსოფლიო ფეხბურთში დომინანტად იქცა, განსაკუთრებით - იტალიაში, თუმცა დრიბლინგი მაინც ფეხბურთის განუყოფელ ნაწილად რჩება. მართალია, უფრო და უფრო ცოტა ფეხბურთელს ვხედავთ, რომლებიც მზად არიან, თავიანთი მეურვე ჩამოიშორონ, მაგრამ დრიბლინგის სპეციალისტები მაინც არსებობენ. ისინი თამაშში გადამწყვეტ როლს თამაშობენ და ფეხბურთი როგორც არ უნდა განვითარდეს, დრიბლინგი მაინც მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.

ფეხბურთელი, რომელიც სერია A-ში, დრიბლინგზე ყველაზე ხშირად მიდის, ხვიჩა კვარაცხელიაა. მან მეტოქის ჩამოშორება 99-ჯერ სცადა და მიზანს 30-ჯერ მიაღწია, რითაც სერია A-ში მესამე ადგილზეა. ნაპოლის ქართველ ფეხბურთელს მეტოქის დაცვის ხაზის გამრღვევის ფუნქცია აქვს და იგივე ხდება მილანის რაფაელ ლეაუსთან მიმართებით. ეს უკანასკნელი დრიბლინგების მცდელობებით მეორეა, წარმატებული დრიბლინგებით - პირველი. უცნაურია, მაგრამ სერია A-ში მეორე ყველაზე წარმატებული დრიბლიორი ფაბიანო პარისი გახლავთ, ემპოლის მარცხენა მცველი, რომელიც სწრაფი და ძალიან ტექნიკურია. შემდეგ მოდის ლორიანტე, რომელსაც კვარასა და ლეაუს მსგავსად, მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეწევა და მარჯვენა ფეხით დარტყმა უყვარს. რაც შეეხებათ გუნდებს, კვარას ნაპოლი ყველაზე მეტ დრიბლინგს ასრულებს, შემდეგ უდინეზე მოდის, მესამე და მეოთხე ადგილებს კი რომა და მილანი იკავებენ“, - წერს იტალიური გამოცემა.

ცნობისთვის, სერია A-ს მიმდინარე სეზონში, „კვარას“ ანგარიშზე 9 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა. იგი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ერთადერთი დებიუტანტია, რომელსაც ეს სტატისტიკა აქვს გაფორმებული. ყველა ტურნირის ეგიდით, მან 23 მატჩში ითამაშა და 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას არ ვიცნობდი, გაოცებული ვარ“ - აინტრახტის მწვრთნელი ხვიჩაზე
„მას არ ვიცნობდი, გაოცებული ვარ“ - აინტრახტის მწვრთნელი ხვიჩაზე