მასიმო მორატი: „კვარასნაირი ფეხბურთელის პოვნა მარტივი არაა“
„ინტერის“ ყოფილი პრეზიდენტი, მასიმო მორატი „ნაპოლის“ ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ის სტუმარი იყო და „პარტენოპეისა“ და „კრემონეზეს“ დაპირისპირებაზე ისაუბრა. მორატიმ ნეაპოლელთა ორი მოთამაშე გამოარჩია და ალბათ, არ გაგიჭირდებათ მიხვედრა, რომ მასიმომ ხვიჩა კვარაცხელიაზე და ვიქტორ ოსიმენზე ილაპარაკა.
„ოსიმენი უდიდესი ძალის, გამბედაობისა და უნარების მქონე ფეხბურთელია. ხვიჩას რაც შეეხება, ქართველი შემტევი ყურადღების ცენტრშია, რადგან მის შესახებ არაფერი ვიცოდით და აღმოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც ყველაფერს ყოველთვის სწორად აკეთებს. ის მომენტს კარგად არჩევს და შეუძლია, გადამწყვეტი იყოს, ამ თვისებების მქონე ფეხბურთელის პოვნა კი მარტივი ნამდვილად არაა“.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ში უკვე მე-9 გოლი შეაგდო და ამასთან, მას 9 საგოლე გადაცემაც აქვს. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.
გეტყვით იმასაც, რომ 22 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 59 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს, თუმცა „ნერაძურის“ თავისი 22-ე მატჩი ჯერ გასამართი აქვს და დღეს „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.