100-ზე მეტი დარღვევა - სიტის სერიოზული პრობლემები აქვს
ინგლისის პრემიერ ლიგამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული წესები „უამრავჯერ“ დაარღვია. პრემიერ ლიგის მიხედვით, ორგანიზაციამ შესაბამის კომისიას 100-ზე მეტი დარღვევის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც ირკვევა, გამოძიება 4 წელიწადზე მეტი მიმდინარეობდა. საქმე 2018 წელს, Der Spiegel-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების შემდეგ აღიძრა. პრემიერ ლიგის მტკიცებით, „სიტის“ კლუბის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია 2009-დან 2018 წლამდე გამართულ არც ერთ სეზონში წარმოუდგენია. საუბარი კლუბის შემოსავლებს, რომლებშიც სპონსორებისგან მიღებული თანხა შედის, და გასავალს ეხება.
2009-10 წლების სეზონიდან, 2012-13 წლების სეზონამდე, „სიტის“ ანგარიშში არ იყო სრული ინფორმაცია მთავარი მწვრთნელის ანაზღაურების შესახებ. ამასთან, დარღვევები იყო ფეხბურთელების ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. 2013-14, 2014-15 და 2017-18 წლების სეზონებში, „ქალაქელებმა“ კლუბის ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ პლეის წესები დაარღვიეს. 2018 წელს, მათ პრემიერ ლიგასთან არ ითანამშრომლეს და არ წარუდგინეს მოთხოვნილი დოკუმენტები. არადა, პრემიერ ლიგის წესების მიხედვით, ამის ვალდებულება ჰქონდათ.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი კონფიდენციალურად და დახურულ რეჟიმში ჩატარდება. ჯერჯერობით უცნობია, მანჩესტერელებს რა სახის სანქციები ემუქრებათ. Talksport-ის ცნობით, „სიტის" ქულების დაკლება და უკიდურეს შემთხვევაში, დაქვეითება ემუქრება.