„კრიტიკოსები დაადუმა“ - რას წერენ იტალიურ პრესაში ხვიჩაზე
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ უპრინციპულეს შეხვედრაში „იუვენტუსს“ სძლია. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მეტოქე 5:1 გაანადგურა და „კვარამ“ „პარტენოპეის“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და გოლი და 2 საგოლე გადაცემა გაიფორმა, რის შემდეგაც უცხოურმა გამოცემებმა მისი მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურეს.
Gazzetta dello Sport: „კვარამ და ოსიმენმა იუვე გაანადგურეს. ქართველმა და ნიგერიელმა მატჩის ბედი გადაწყვიტეს. ბებერი ქალბატონი თამაშში რაჰმანის გოლამდე იყო, შემდეგ კი გაქრა“.
Corriere dello Sport: „საფეხბურთო გაკვეთილი ყველა გადმოსახედიდან. ნაპოლის ტრიუმფი აბსოლუტური იყო. მარადონაზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა შოუ მატჩის დაწყებამდე დადგეს, შემდეგ კი ისიამოვნეს. 5:1 ოსიმენის დუბლით, კვარაცხელიას გოლებით, დრიბლინგით და ფანტაზიით და გადამწყვეტი დარტყმებით რაჰმანისგან და ელმასისგან, რომელთა ერთობლიობამაც საოცნებო საღამო შექმნა“.
Napolipiu: „კვარაცხელია დაბრუნდა და სად არიან ისინი, ვინც მას აკრიტიკებდნენ? ხვიჩამ გაიტანა და იუვენტუსთან შეხვედრაში, ყველა დაადუმა. ქართველმა გააჩუმა კრიტიკოსები, რომლებიც ორი, არც თუ ისე კარგად ჩატარებული მატჩის შემდეგ გაჩნდნენ. სპალეტიმ იგი ძირითად შემადგენლობაში გააწესა და მან მწვრთნელის ნდობა ლამაზი გოლითა და ასისტებით გაამართლა. რაჰმანის გოლის შემდეგ, კვარაცხელია გაიხსნა და თავისი მოძრაობებით, დრიბლინგებითა და დარტყმებით მეტოქეები ჭკუიდან შეშალა. მოკლედ, კვარამ იუვესთან თავდაჯერებულობა დაიბრუნა და მისი და ასეთ კონდიციებში მყოფი ოსიმენის შეჩერება შეუძლებელი ჩანს“.
NapoliMagazine: „ხვიჩა გაბედული იყო და სახიფათო დრიბლინგები ჰქონდა. მან შესანიშნავი გოლი გაიტანა“.
Calciomercato: „სუპერკვარა! საუკეთესო კვარაცხელია დაბრუნდა! მარადონაზე მყოფი ქართველებით გამხნევებულმა ხვიჩამ მნიშვნელოვანი ქმედებები განახორციელა. გოლი ქირურგიული სიზუსტით შესრულებული დარტყმით და ორი ასისტი“.
Calcionapoli: „მას ყველა ელოდა და ხვიჩამ მოლოდინს სათანადოდ უპასუხა. პირველი გოლის მომენტში, შეტევა კარგად გააგრძელა, შემდეგ კი მაკრატელა დაარტყა, რასაც ოსიმენის თავური მოჰყვა. შემდეგ, დაუმიზნა და კუთხეში გაიტანა. ხვიჩა მეორე ქართველი გახდა, რომელმაც იუვენტუსის კარი აიღო. მან ლევან მჭედლიძის მიღწევა გაიმეორა. მეორე ტაიმში, კვარამ ხარისხი აჩვენა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა“.
ცნობისთვის, 18 ტურის შემდეგ, „პარტენოპეის“ 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „კვარას“ გუნდს სერია A-ში მომდევნო შეხვედრა „სალერნიტანას“ წინააღმდეგ ელის და „ნაპოლის“ მოედანზე 21 იანვარს, თბილისის დროით, 21:00-ზე ვიხილავთ.