საფრანგეთი, ანტუან გრიზმანი
Aa
Aa

რეინკარნაცია - როგორ გადაიქცა გრიზმანი ზიდანის და პლატინის ნაზავად

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ანტუან გრიზმანი ახალ ჰიბრიდულ როლში ვიხილეთ. „ატლეტიკოს“ შემტევი ქმნის გაცილებით მეტ შანსს და სხვებზე ბევრს მუშაობს.

2018 წლის მუნდიალზე, ბელგიის დამარცხების შემდეგ, გრიზმანმა ცრემლები ვერ შეიკავა და ახლა, როცა „მამლებმა“ იგივე გაიმეორეს, ანტუანი საკმაოდ თავშეკავებული იყო და მაროკოსთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

მაროკოსთან დაპირისპირება იმით იყო გამორჩეული, რომ სტადიონზე რეგრაგის ნაკრებს გულშემატკივართა თითქმის 90% ქომაგობდა. თანაფარდობა დაახლოებით შვიდი ერთთან იყო. ისეთი ატმოსფერო სუფევდა თითქოს მაროკო საკუთარ სამშობლოში თამაშობდა..

მატჩის დაწყებისას, სტადიონზე გამაყრუებელი სტვენა ატყდა, მაგრამ, როდესაც ტეომ გაიტანა ტრიბუნები დადუმდნენ. ერნანდესმა აკრობატული ნახტომით გაიტანა, მბაპემ დარტყმა შეასრულა, მაგრამ მომენტის სულის ჩამდგმელი ანტუან გრიზმანი იყო.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მბაპესა და მესის დაპირისპირებად მონათლეს. თუ რომელიმე მათგანი გოლს გაიტანს და მისი ქვეყანა გაიმარჯვებს, დიდი ალბათობით ოქროს ბურთის მფლობელიც ის გახდება.

მაგრამ არავინ უნდა დაივიწყოს გრიზმანი. თუ ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი არ არის, მაშინ ერთ-ერთი აღმოჩენა მაინც გახლავთ. მან რევოლუცია მოახდინა..

ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს იმ ფეხბურთელზე, რომელმაც 2018 წლის მუნდიალზე 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში ანტუანის რეპუტაცია იმდენად დაეცა, რომ მისი აღზევება ნამდვილი სიურპრიზია. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ის კატარში ახალ როლში წარსდგა.

ეს ძალიან აშკარაა. გრიზმანი დეშამის ნაკრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ჰიბრიდული გმირი, რომელიც მთელს გუნდს აერთიანებს. საფრანგეთმა მხოლოდ ერთი მატჩი წააგო, ისიც ტუნისთან და ისიც მაშინ, როცა ანტუანი და კილიანი სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ. მინდორზე ორივე ფეხბურთელი გამოვიდა და მეტიც, „ატლეტიკოს“ შემტევმა გოლიც კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და გოლი გააუქმა.

31 წლის ფეხბურთელს ჯერჯერობით მუნდიალზე გოლი ისევ არ გაუტანია, მაგრამ ამას მისგან არავინ ითხოვს. გრიზმანს სულ სხვა როლი აკისრია. მას შექმნა და განადგურება ევალება. ანტუანი ნახევარდაცვის ხაზში მთავარი ფიგურაა და მას მისი საქმე ძალიან უყვარს.

„ახლა მოედანზე თავისუფალი ვარ. ვეხმარები დაცვას და შეტევას. როცა შეტევა მოდის მცველებს უნდა დავეხმარო, ხოლო, როცა წინ ვართ შეტევის ორგანიზება მევალება. ეს გაცილებით მეტ არჩევანს მაძლევს. ფიზიკურად თავს მშვენივრად ვგრძნობ და როდესაც ასე ვარ ყველაფერი მიადვილდება“

- განაცხადა გრიზმანმა

როგორც თავად მან აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ გონებრივად და ფიზიკურად კარგად არ იყო. წარუმატებელი კატალონიური კარიერის შემდეგ, ანტუანი „ატლეტიკოში“ თავის დასამკვიდრებლად იბრძოდა. მისი კონტრაქტის ფარსული ვითარება წინსვლას ხელს უშლიდა. დიეგო სიმეონე მას მხოლოდ 30 წუთი ათამაშებდა. საბოლოოდ მივიღეთ მოწყენილი გრიზმანი, რომელიც ფეხბურთით ვეღარ ტკბებოდა.

საფრანგეთის ნაკრების ქომაგებმა მისი კრიტიკა დაიწყეს და ითხოვდნენ, რომ დეშამს ის კატარში არ წაეყვანა.

მსოფლიო ჩემპიონატზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ახალი როლის გამო ადიდებენ და მასზე მეტი საგოლე გადაცემა(3) არავის შეუსრულებია. ასევე, ანტუანმა 21 სახიფათო მომენტი შექმნა.

„ტურნირის დაწყებიდან ის გამორჩეულია. მე მას ხანდახან ზიდანსაც ვადარებ. გრიზმანს ყოველთვის აქვს სწორი ხასიათი, სწორი ტონი და სწორი პასი. გულწრფელად ვფიქრობ, რომ მის გარეშე საფრანგეთის ნაკრები ასეთი არ იქნებოდა. თამაშში ხშირად გვაკლია რიტმი. ასევე არ არის დიდი ინტენსივობა.

მაგრამ როცა გრიზმანი ბურთს ეხება ყველაფერი იცვლება. ის უმატებს გუნდის რიტმს. აქცენტს პასებზე აკეთებს და მოედანს შესანიშნავად ხედავს. ანტუანი ზიდანის და პლატინის ნაზავია. გარდა ამისა, ის უკან ბევრს დარბის და თანაგუნდელების შეცდომებს ასწორებს. მეტოქის თამაშსაც ადვილად კითხულობს.“

- ამბობს „მამლების“ ყოფილი ფეხბურთელი კრისტოფ დუგარი

მართლაც, შთამბეჭდავია ის გზა, თუ როგორ განვითარდა 31 წლის შემტევი დაცვით ფუნქციებში. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, საფრანგეთმა პოგბა და კანტე დაკარგა. ახლა ცენტრში ჩუამენი და რაბიო დგანან, მაგრამ გრიზმანის შესრულებული სამუშაო არ უნდა დავივიწყოთ.

თავად პოლ პოგბამ გრიზმანი ნგოლო კანტეს შეადარა და განაცხადა, რომ ანტუანმა მრავალი ახალი თვისება გამოავლინა. „მამლების“ „შვიდიანის“ მზადყოფნა ახალი როლისთვის ნათლად გვაჩვენებს მისი ხასიათის სიმტკიცეს.

ეს ასევე ადასტურებს მის კავშირს დეშამთან, რომელსაც არასოდეს ეპარებოდა ეჭვი, რომ 31 წლის ფეხბურთელს უფრო ღრმა როლის შესასრულებლად ჰქონდა საჭირო შრომის ტემპი, ენერგია და ინტელექტი.

„დეშამის ვალი მაქვს. მას ჩემში ეჭვი არასდროს შეუტანია. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. საფრანგეთისთვის და დეშამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ვცდილობ მისი ყველა დავალება შევასრულო და ნდობა გავამართლო. ჩემი ყოველი მატჩი და ქმედება მისთვის მადლობის გადახდაა. მსურს, რომ თავისი 7 ნომრით იამაყოს“ - განაცხადა გრიზმანმა

ანტუანმა უკვე მიაღწია კონკრეტულ მიზანს კატარში..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰაკიმი მსაჯით უკმაყოფილო იყო და ინფანტინოს საჯაროდ უყვირა
ჰაკიმი მსაჯით უკმაყოფილო იყო და ინფანტინოს საჯაროდ უყვირა