ბათუმის დინამო, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

ტორპედოსთან მაყურებელი დაშვებულია - ბათუმის დინამოს განცხადება

საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ განცხადებით, კლუბმა დისციპლინარული სანქციები საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალში გაასაჩივრა. ტრიბუნალმა კლუბის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის შუამდგომლობით ისარგებლა და გამოტანილი დადგენილებით განაჩენის განხილვამდე სანქციების აღსრულება შეაჩერა.

ასე რომ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასკვნით ტურში ქუთაისის „ტორპედოსთან“ შეხვედრაში ბათუმის „დინამოს“ საშინაო არენაზე ქომაგები დაიშვებიან.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის დასკვნით ტურში ბათუმის „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 3 დეკემბერს, თბილისის დროით 13 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ბათუმის „დინამოს“ განცხადება:

„ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ რომ ჩევნმა კლუბმა საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალში გაასაჩივრა წინა საშინაო მატჩის შემდეგ გამოტანილი დისციპლინარული სანქციები. ტრიბუნალმა იხელმძღვანელა კლუბის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის შუამდგომლობით და გამოტანილი დადგენილებით განაჩენის განხილვამდე შეაჩერა აღნიშნული სანქციის აღსრულება.  შედეგად ხვალინდელ მატჩზე ქუთაისის ტორპედოსთან დაშვებულია მაყურებლის დასწრება. აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნულ მატჩზე დასწრება უფასოდ შეგეძლებათ“.

შეგახსენებთ, ბათუმის „დინამო“ წყალტუბოს „სამგურალთან“ მომხდარი ინციდენტის გამო დასანქცირდა, 34-ე ტურის აღნიშნული შეხვედრა 12 ნოემბერს გაიმართა და „სამგურალის“ გამარჯვებით დასრულდა - 1:2. მატჩის შემდეგ მასპინძელი კლუბის წარმომადგენლები არბიტრს დაუპირისპირდნენ. ამასთან დაკავშირებით, 21 ნოემბერს, სფფ-მ ოფიციალური განცხადება გააკეთა:

„2022 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის შესახებ იმსჯელეს, კერძოდ, 2022 წლის 12 ნოემბერს ეროვნული ლიგის ეგიდით ს.კ. ბათუმის „დინამოსა“ და ს.კ. წყალტუბოს „სამგურალს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას და მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ფაქტები განიხილეს. სხდომაზე განხილული იქნა საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და ფაქტები, მათ შორის, მატჩის დელეგატის მოხსენებითი ბარათები, მატჩის ვიდეო ჩანაწერი და ვიდეო მასალა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ კლუბების წარმომადგენლები და მატჩის ოფიციალური პირები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით:

ბათუმის „დინამო“ მომდევნო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს და დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით.

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ექვსი ათასი ლარის ოდენობით და ერთი წლის განმავლობაში აეკრძალა სტადიონზე შესვლა ბათუმის „დინამოს“ როგორც საშინაო, ისე საგარეო მატჩებზე.

ბათუმის „დინამოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, გურამ ბერიძეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით და 6 მატჩზე აეკრძალა სტადიონზე შესვლა ბათუმის „დინამოს“ როგორც საშინაო ისე საგარეო მატჩებზე.

ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთელის თანაშემწეს, დავით ჯანელიძეს - სამ მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.

ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივართა მეკავშირე ოფიცერს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორასი ლარის ოდენობით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლი არაჩვეულებრივ ფეხბურთს თამაშობს“ - პიანიჩი სპალეტის გუნდზე
„ნაპოლი არაჩვეულებრივ ფეხბურთს თამაშობს“ - პიანიჩი სპალეტის გუნდზე