რიშარლისონის ბრწყინვალე გოლი და დუბლი - ბრაზილიამ სერბეთი დაამარცხა
Aa
Aa

რიშარლისონის ბრწყინვალე გოლი და დუბლი - ბრაზილიამ სერბეთი დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ბრაზილიის ნაკრებმა ტურნირი ბრწყინვალე სტილში დაიწყო. „სელესაო“ სერბეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და მეტოქეს 2:0 სძლია, თუმცა მეტის გატანაც შეეძლო.

მატჩი ბრაზილიის ნაკრების უპირატესობით დაიწყო და პირველი მომენტიც მათ შექმნეს. ნეიმარმა კუთხური ჩაახვია და სერბეთი ხარიხამ იხსნა. 35-ე წუთზე, თავის გამოჩენის შანსი რაფინიას მიეცა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში ცუდად იმოქმედა და პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

46-ე წუთზე, რაფინია ხელსაყრელ მდგომარეობაში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, მაგრამ ამჯერადაც არაფერი გამოუვიდა. მესამოცე წუთზე სერბეთი ძელმა იხსნა, რამდენიმე წამის შემდეგ კი ბრაზილიამ ანგარიშის გახსნა მოახერხა. ვინისიუსის დარტყმა ვანია მილინკოვიჩ-სავიჩმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე პირველი რიშარლისონი იყო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ამ უკანასკნელმა მალევე დუბლი მიითვალა, სერბეთის ნაკრების კარი ფენომენალური გოლით დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

ამრიგად, ბრაზილია პირველ ადგილზე იმყოფება და შვეიცარიას ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე უსწრებს. „სელესაო“ მომდევნო მატჩს სწორედ შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს და ეს 28 ნოემბერს მოხდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები