იუვენტუსი, ჩემპიონთა ლიგა, ბენფიკა
Aa
Aa

ბენფიკა VS იუვენტუსი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა. „ბენფიკა“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. ეს მატჩი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში „ბებერი ქალბატონი“ ჯგუფში ჩარჩება. CrystalSport ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ყველა საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„იუვენტუსი“

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში „ბებერი ქალბატონი“ სტუმრად „მაკაბისთან“ სენსაციურად დამარცხდა. ალეგრის შეგირდებმა ორი უპასუხო გოლი გაუშვეს და ჯგუფიდან გასვლის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.

რაც შეეხება სერია ა-ს, „ბიანკონერის“ 11 ტურის შემდეგ, 19 ქულა აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ „ბებერმა ქალბატონმა“ ბოლო ორი დაპირისპირება მოიგო და სიტუაცია შედარებით გამოასწორა. უკანასკნელ ტურში, იუვემ „ემპოლის“ უმასპინძლა და 4:0 მოუგო.

დანაკლისი:

ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს. მთელი სეზონის განმავლობაში მასიმილიანო ალეგრის პირველ რიგში კიეზა არ ჰყავს. ტრავმირებულები არიან პოლ პოგბა და ანხელ დი მარია. „ბენფიკასთან“ ასევე მონაწილეობას პარედესი, კაიო ხორხე, დე შილიო და ბრემერი ვერ მიიღებენ.

რა თქვა ალეგრიმ მატჩის წინ?

„ჩვენ ჯერ ევროპის ლიგაზე არ ვართ და ჩემპიონთა ლიგიდან არ გამოვვარდნილვართ. ვეცდებით, რომ მერვედფინალში გასვლის შესაძლებლობა გვქონდეს. „ბენფიკა“ თავის თავზეა დამოკიდებული. ჩვენ გვჭირდება, რომ პირველი მატჩის პირველი ტაიმის მსგავსი ფეხბურთი ვითამაშოთ.

ინტენსივობა უნდა შევინარჩუნოთ და დაცვაში კონცენტრაცია არ დავკარგოთ. „ბენფიკას“ ბრწყინვალე სათამაშო ხარისხი აქვს და არ უნდა ავჩქარდეთ. ერთმა შეცდომამ შესაძლოა ყველაფერი გადაწყვიტოს. ხვალ რაღაცებს შევცვლი. დაცვაში კარგი თამაში დაგვჭირდება. ტურინში დაშვებული შეცდომები არ უნდა განმეორდეს.“

„ბენფიკა“

ლისაბონური კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „პარი სენ ჟერმენს“ ესტუმრა და 1 ქულა მოიპოვა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. „ბენფიკას“ მხრიდან თავი ჟოაუ მარიუმ გამოიჩინა, ხოლო პსჟ-დან ერთადერთი გოლი კილიან მბაპემ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, უკანასკნელ ტურში „ბენფიკა“ „პორტუს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. შმიდტის გუნდმა რაფა სილვას ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა.

დანაკლისი:

როჯერ შმიდტს ტრავმების მხრივ პრობლემები არ აქვს. განაცხადში უკლებლივ ყველა ფეხბურთელი იმყოფება, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დრაქსლერისა და მორატოს თამაში. ორივე მოთამაშეს მცირე ტრავმა აღენიშნებათ.

რა თქვა შმიდტმა მატჩის წინ ?

 „ვფიქრობ, ეს მატჩი ტურინში ჩატარებულ შეხვედრაზე უფრო რთული იქნება. იტალიაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. სიტუაცია ნათელია, ჩვენ გვაქვს მცირე უპირატესობა, მაგრამ ყველას შეუძლია ჯგუფიდან გასვლა. „იუვენტუსს“ დიდებული ფეხბურთელები ჰყავს და წინსვლა სურთ. საუკეთესო „იუვენტუსს“ ველოდებით, რომელსაც ჩვენს საუკეთესო ფეხბურთს დავუპირისპირებთ.

გულშემატკივრების გახარება გვინდა. ამისთვის კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში უნდა გავიდეთ. 90 წუთის განმავლობაში ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. „იუვენტუსის“ სისუსტეები უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ტრავმები ძალიან ცუდია, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია და უნდა მივეჩვიოთ.“

ამ გუნდების პირველი მატჩი

პირველ ტურში გამართული დაპირისპირება „ბენფიკამ“ სტუმრად 2:1 მოიგო. თავდაპირველად მასპინძლები მილიკის გოლით იგებდნენ, თუმცა 43-ე წუთზე მარიუმ გაათანაბრა, ხოლო 55-ე წუთზე ნერეშმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

სატურნირო ცხრილი

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ „ბენფიკას“ 8 ქულა აქვს და „პარი სენ ჟერმენთან“ ერთად პირველ/მეორე ადგილს იყოფს. ტურინულ კლუბი კი 3 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება. ამავე რაოდენობის ქულები აქვს „მაკაბისაც“, თუმცა ბურთების უარესი შეფარდების გამო ბოლო ადგილზეა.

ცნობისთვის, „ბენფიკასა“ და „იუვენტუსის“ მომავალი დაპირისპირება 25 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მბაპეს კონტრაქტის დეტალები სიცრუეა“ - პსჟ Le Parisien-ს უჩივლებს
“მბაპეს კონტრაქტის დეტალები სიცრუეა“ - პსჟ Le Parisien-ს უჩივლებს