„ის ამ გუნდში ახლა ხომ არ გადასულა“?! - აჩიმ გაგნიძის თემაზე ისაუბრა
Aa
Aa

„ის ამ გუნდში ახლა ხომ არ გადასულა“?! - აჩიმ გაგნიძის თემაზე ისაუბრა

ვეტერანი ფეხბურთელი, აჩი არველაძე CrystalSport-ის Youtube არხის კონტენტ "საგოლე გადაცემა"-ს სტუმარი იყო და სხვადასხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა. ერთ-ერთი საკითხი ლუკა გაგნიძის გარშემო აგორებულ ამბავს შეეხო, რაზეც არველაძემ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა.

გასაგებია, რომ ეროვნული დროშა და ნაკრები მნიშვნელოვანია, მაგრამ ნებისმიერ ფეხბურთელს საკუთარ კლუბთან ვალდებულება აკავშირებს და ეს უნდა გვესმოდეს. მაგალითად, ლუკა გაგნიძის გარშემო აგორებული თემა ჩემთვის გაუგებარია.

მეც სხვებივით მინდა, რომ რეალში იყოს, მაგრამ მოსკოვის დინამოშია და ძალიან კარგადაც თამაშობს. ის ამ გუნდში ახლა ხომ არ გადასულა?! ხელი მოაწერა ცნობილ მოვლენებამდე გაცილებით ადრე და თავისი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები აქვს. თუნდაც, ხვიჩას ამბავი განვიხილოთ, რატომ უნდა თქვას მან რუბინზე აუგი?! მათ რა დაუშავეს?! წაიყვანეს, ათამაშეს, გარკვეულ დონემდე მიიყვანეს და ხვალ-ზეგ, შესაძლოა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის იყოს. რაღაცები ყველას შეიძლება არ მოგვწონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც ცხოვრებაში წაგვადგა, მოვუბრუნდეთ და სიტუაციის შესაბამისად მოვექცეთ. ასეთი რაღაცები ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. მილიონი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ რუსების მიმართ უკმაყოფილება გვქონდეს, მაგრამ ეს თემა რა შუაშია?! რატომ უნდა შეაგინოს და აძაგოს 20 წლის ბიჭმა ისინი?!..

რა დაუშავა მოსკოვის დინამომ ლუკა გაგნიძეს, ან რუბინმა - ხვიჩა კვარაცხელიას?!.. რატომ ვთხოვთ მათ, რომ ხმალამოღებულებმა იბრძოლონ, როგორ გგონიათ, გაგნიძისთვის ახლა, ამ რეალობაში, იქ ყოფნა რთული არ არის?! შორიდან ჭკუის სწავლება იოლია და არც ის მგონია, რომ ამ ფეხბურთელს კლუბების რიგი ედგეს, საქმე ასარჩევად ჰქონდეს და მოსკოვის გუნდს არაფერზე ცვლიდეს. დიდ გუნდში თამაშობს და მიხარია, რომ ასეთ დონეზე ძირითადი შემადგენლობის მნიშვნელოვანი წევრის სტატუსი აქვს. თუ ვინმეს არ ახსოვს, ხაზს გავუსვამ, რომ ხვიჩას შემთხვევაში სხვა ვითარება იყო - მისი რუსეთიდან წამოსვლა გაცილებით ადრე იყო გადაწყვეტილი, გაგნიძის შემთხვევაში კი სხვა მოცემულობაა.

შეგახსენებთ, რომ CrystalSport-ის Youtube არხზე "საგოლე გადაცემა" ყოველ ორშაბათს 20:00 საათზე LIVE რეჟიმში გადის. აჩი არველაძის სტუმრობა შეგიძლიათ, აბზაცის ქვემოთ მოცემულ ბმულზე იხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტოპ ფეხბურთელობისთვის ყველაფერი აქვს“ - აჩი კვარაცხელიაზე
„ტოპ ფეხბურთელობისთვის ყველაფერი აქვს“ - აჩი კვარაცხელიაზე