ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

კვარაცხელია, თუ ოსიმენი? ვინ უნდა დაარტყას პენალტი - იტალიური სააგენტოს ანალიზი

ვინ შეასრულებს ნაპოლიში თერთმეტმეტრიანებს, ოსიმენი თუ კვარაცხელია? ამ საკითხთან დაკავშირებით იტალიურმა სააგენტო Napolicalciolive-მა მცირე ანალიზი შემოგვთავაზა და შესაძლო ვარიანტები განიხილა.

სტატიაში საუბარი თავდაპირველად ლორენცო ინსინიეთი და დრის მერტენსით იწყება, ფეხბურთელებით, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ნეაპოლურ გუნდში პენალტების მთავარი დამრტყმელები იყვნენ.

რას წერს Napolicalciolive:

გასულ სეზონში, პენალტების მთავარი დამრტყმელი მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იყო. იმის მიუხედავად, რომ არაერთი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, ლორენცო ინსინიე მტკიცედ ინარჩუნებდა მთავარი დამრტყმელის ფუნქციას კლუბში ყოფნის ბოლო დღემდე.

ყველაზე რთულ სიტუაციებში, სპალეტიმ მაინც არ შეცვალა გადაწყვეტილება და პენალტებს კვლავ ინსინიეს ანდობდა. ბედის ირონიაა, რომ სტადიო დიეგო მარადონასთან დამშვიდობების დროს ინსინიემ ბოლო გოლი სწორედ თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა.

იტალიელი ფეხბურთელის წასვლის შემდეგ, ნეაპოლმა თერთმეტმეტრიანის მეორე შემსრულებელიც დაკარგა - დრის მერტენსი. კლუბიდან წასვლის დროს, ბელგიელი ფეხბურთელი ამბობდა, რომ ასეთი გამომშვიდობებით კმაყოფილი არ იყო, თუმცა გულშემატკივრებს დაბრუნებას დაჰპირდა.

ოსიმენი თუ კვარაცხელია. ვის ექნება უპირატესობა?

ახალი სეზონის დაწყებამდე, ამხანაგურ შეხვედრებში სპალეტის რამდენიმე ვარიანტზე დაკვირვება მოუწია. ცხადია, რომ ორი მთავარი კანდიდატი ოსიმენი და კვარაცხელია იქნებიან. ნიგერიელ ფორვარდს პენალტების შესრულების გამოცდილება ეროვნულ ნაკრებშიც აქვს, ქართველმა კი ჟირონასთან გამართულ ტესტ-მატჩში გამოიჩინა ცივსისხლიანობა თერთმეტმეტრიანის შესრულების დროს.

რაც აქამდე ვიხილეთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთავარი მწვრთნელი თერთმეტმეტრიანებს „ლილის“ ყოფილ თავდამსხმელს მიანდობს. „მალიორკასთან“ მატჩში, როდესაც თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ოსიმენიც და კვარაცხელიაც მოედანზე იყვნენ, თუმცა დარტყმა ნიგერიელმა შეასრულა და არ ჩავარდა.

სამაგიეროდ, „ჟირონასთან“ დანიშნული პენალტი ქართველმა შეასრულა, თუმცა ამ დროს ოსიმენი მოედანზე არ იმყოფებოდა. მოკლედ, თუ ჩემპიონატის დაწყებამდე კლუბში რაიმე ცვლილება არ მოხდება, დიდი ალბათობით თერთმეტმეტრიანებს ვიქტორ ოსიმენი შეასრულებს, მეორე დამრტყმელი კი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, რომელიც შეიძლება სამომავლოდ შორეული ჯარიმებიც შემსრულებელიც გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 6 ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ლუჩიანო სპალეტის გუნდი სერია A-ს ახალ სეზონს 15 აგვისტოს, სტუმრად „ვერონასთან“ მატჩით დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა უზბეკ ფეხბურთელადაა მოხსენიებული - ANSA-ს სერიოზული შეცდომა
კვარა უზბეკ ფეხბურთელადაა მოხსენიებული - ANSA-ს სერიოზული შეცდომა