საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, თბილისის გრანდ სლემი
Aa
Aa

თბილისის გრანდ სლემი 2022 | ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

ხვალიდან, თბილისში ძიუდოისტთა გრანდ სლემი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 36 ქვეყნის 280-მდე სპორტსმენი მიიღებს.

ცოტა ხნის წინ, ონლაინ-რეჟიმში ტურნირის კენჭისყრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ქართველი მეტოქეების ვინაობა გაირკვა.

ვაჟები:

დავიწყოთ 60 კგ წონითი ლუხუმ ჩხვიმიანი A ჯგუფში იქნება და პირველ წრეში დაისვენებს, მეორე წრეში კი საუდის არაბეთის წარმომადგენელ მოჰამედ ფალატაჰსა და ავსტრიელ ვაჩე ადამიანს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ჩხვიმიანის მსგავსად პირველ წრეში დაისვენებს გიორგი სარდალაშვილიც, რომელიც ასპარეზობას B ჯგუფიდან დაიწყებს. მეორე წრეში კი ფრანგ რიჩარდ ვერგნესსა და თურქმენეთის წარმომადგენელ ჰაკბერდი ჯუმაიევს შორის გამაჯვებულს დაუპირისპირდება. C ჯგუფში, პირველ წრეში დაისვენებს თემურ ნოზაძეს, მეორე წრეში კი ქართველი ძიუდოისტის მეტოქე იტალიელ მარიო პეტროსინოსა და საუდის არაბეთის წარმომადგენელ მუტაზ ხავჯაჰს შორის გამარჯვებული იქნება. 60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს დელეგაციას წარმომადგენელი D ჯგუფშიც ეყოლება. ირაკლი კუპატაძე პირველი წრის შეხვედრას ავსტრიელ დანიელ ლეუთებთან გამართავს, გამარჯვების შემთხვევაში კი მეორე წრეში აზერბაიჯანელ როვშან ალიევს დაუპირისპირდება.

66 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით 4 ძიუდოისტი იასპარეზებს. საბა კაპანაძე A ჯგუფშია და პირველ წრეში ყირგიზეთის წარმომადგენელს ყუბანიჩბეკ აიბეკ ულუს შეხვდება. ლაშა ნადირაძე B ჯგუფის პირველ წრეში საუდის არაბეთის წარმომადგენელ აბდულელა ალჯაყზანის დაუპირისპირდება. C ჯგუფში აღნიშნული წონითი კატეგორიის ლიდერი, ვაჟა მარგველაშვილი პირველ წრეში დაისვენებს, მეორე წრეში კი საუდის არაბეთის სახელით მოასპარეზე წარმოშობით ქართველ ძიუდოისტ გურამ ძავაშვილსა და ყაზახ დასტან შაიახმეტოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება. D ჯგუფში პირველივე წრიდან იასპარეზებს გურამ თუთაშვილი, მეტოქე კი რუმინელი ლუჩიან ბორს დუმიტრესკუ იქნება.

73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა შავდათუაშვილი A ჯგუფში, პირველ ნორმად არის განთესილი და ასპარეზობას მეორე წრიდან, სამხრეთ კორეელ ძიუდოისტთან, ჰეონჩეოლ კანგთან შეხვედრით დაიწყებს. B ჯგუფში გათამაშებაში მეორე წრიდან ჩაერთვება გიორგი ტერაშვილი, მეტოქე კი უკრაინელი არტემ ხომულა იქნება. შავდათუაშვილისა და ტერაშვილის მსგავსად, ტატამზე მეორე წრიდან გამოვა გიორგი ჩიხელიძე, რომელიც C ჯგუფის საწყის შეხვედრას რუმინელ ალექსანდრუ რაიკუს წინააღმდეგ გამართავს. D ჯგუფში ასევე მეორე წრიდან იასპარეზებს ფრიდონ გიგანი. ქართველი ძიუდოისტი ტაჯიკ მაჰამადშარიფ ნაჯმუდინოვს შეხვდება.

81 კგ წონით კატეგორიაში, A ჯგუფში ტატო გრიგალაშვილი პირველ წრეში დაისვენებს, მეორე წრეში კი ტაჯიკ აბდუჯალილოვსა და ირლანდიელ ეონ ფლემინგს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამავე ჯგუფში იქნება გიორგი შერაზადიშვილი, რომელიც თავის პირველ შეხვედრას ბელგიელ აბდულ მალიკ უმაიევის წინააღმდეგ გამართავს. C ჯგუფში იქნება დიმიტრი გოჩილაიძე, რომელიც პირველ წრეში უკრაინელ სერგი კრივჩაჩს შეხვდება. ლევან გუგავა ასპარეზობას D ჯგუფში დაიწყებს, პირველი მეტოქე კი მოლდოველი ვიქტორ სტერპუ ეყოლება.

90 კგ წონითი კატეგორიის A ჯგუფში იქნება უშანგი მარგიანი, რომელიც პირველ წრეში დაისვენებს, მეორე წრეში კი მისი მეტოქე ტაჯიკ ხაკიმოვსა და უზბეკ პანჯიევს შორის გამარჯვებული იქნება. B ჯგუფში იმედა გოგოლაძე ასპარეზობას ფრანგ ნგაია ჰამბუსთან შეხვედრით დაიწყებს. ამავე წონაში C ჯგუფში იქნება ბექა ღვინიაშვილი, რომელიც საწყის შეხვედრაში აზერბაიჯანელ მურად ფატიევსა და ყაზახ ადლეტ მისინს შორის გამარჯვებულ დაუპირისპირდება. D ჯგუფში კი გიორგი პაპუნაშვილი პირველ შერკინებას ყირგიზელ ერლან შეროვის გამართავს.

100 კგ წონით კატეგორიაში ლიდერი ილია სულამანიძე იქნება, რომელიც A ჯგუფის პირველ შეხვედრაში გერმანელ ლუის მაის შეერკინება. B ჯგუფში გიორგი ბერიშვილი სამხრეთ კორეელ ჯაე იუნ კიმს დაუპირისპირდება. C ჯგუფში ონისე სანებლიძეს პირველი ორთაბრძოლა ყაზახ სერიკ სალმენოვთან ელის, D ჯგუფში კი ომარ საური გახსნით შეხვედრას ტაჯიკ აკობირ აბუბაკრისთან გამართავს.

100+ წონით კატეგორიაში კი კენჭისყრის შედეგები ასე გადანაწილდა: A ჯგუფი: ონისე ბუღაძე -პანაგიოტის პაპანიკოლაუ (საბერძნეთი). B ჯგუფი: გიორგი ქავთარაძე - ალიშერ იუსუპოვი (უზბეკეთი). C ჯგუფი: გელა ზაალიშვილი - მაგომედომარ მაგომედომაროვი (გაერთიანებული საემიროები); ლევან მათიაშვილი - ლორენცო აგრო სილვაინი (იტალია).

ქალები:

48 კგ წონითი კატეგორიაში ერთადერთი ძიუდოისტით ვიქნებით წარმოდგენილები. ნატალია ყიფშიძე ასპარეზობას C ჯგუფში, მეორე წრიდან დაიწყებს, მეტოქე კი გერმანელი კატარინა მენცი იქნება.

52 კილოგრამში საქართველოს ღირსებას ორი ძიუდოისტი დაიცავს. B ჯგუფში მარი მახარაშვილი პირველ შეხვედრაში საუდის არაბეთის წარმომადგენელ ჰესა ალმელაიკის დაუპირისპირდება. C ჯგუფში კი მარიამ ლაფაჩიშვილი ასპარეზობას ისრაელის სახელით მოასპარეზე პაზ კაფრისთან ასპარეზობით დაიწყებს.

57 კგ წონით კატეგორიაში 3 ქართველი ძიუდოისტი იქნება. A ჯგუფში ეთერ ლიპარტელიანი პირველ წრეში დაისვენებს, მეორე წრეში კი ისრაელის წარმომადგენელ მაია ლეოპოლდა და უკრაინელ დარია ბილოდიდს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. B ჯგუფში იქნება გვანცა მჭედლიშვილი, რომელიც პირველ წრეში სამხრეთ კორეელ მიმი ჰუჰთან იჭიდავებს. D ჯგუფში ნინო წიკლაური თავის პირველ ორთაბრძოლას თურქმენეთის წარმომადგენელ გოზელ ნოვრუზოვას წინააღმდეგ ჩაატარებს.

63 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ორი ძიუდოისტი წარმოადგენს, კენჭისყრის შედეგები კი ასე გადანაწილდა: B ჯგუფი: რეჯინა უტნელიშვილი - მანონ დეკეტერი (საფრანგეთი); D ჯგუფი: მარიამ ციხელაშვილი - გეკე ვან დენ ბერგი (ნიდერლანდები).

70 კილოგრამში ჩვენი ქვეყნის ღირსებას ინდირა  სილაგაძე დაიცავს, პირველი მეტოქე კი ბრაზილიელი ლუანა კარვალიო იქნება.

ერთი ძიუდოისტით ვიქნებით 78 კგ წონით კატეგორიაშიც. მარიამ ჭანტურია D ჯგუფის პირველ წრეში იტალიელ ჯიორჯია სტანგერლინს დაუპირისპირდება.

78+ წონით კატეგორიაში კი სოფიო სომხიშვილი ასპარეზობას პირველი წრიდან, ჩეხ მარკეტა პაულუსოვასთან ჭიდაობით დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თბილისში ნამდვილი დღესასწაული გველოდება - EJU გრანდ სლემზე წერს
თბილისში ნამდვილი დღესასწაული გველოდება - EJU გრანდ სლემზე წერს