ერნესტო ვალვერდე, ტატა მარტინო, ტიტო ვილანოვა, ლუის ენრიკე
Aa
Aa

რაიკაარდი, პეპი, ტიტო, ტატა, ლუჩო, ვალვერდე - მესის სტატისტიკა თითოეულ მწვრთნელთან

ლეო მესის, რომ „ბარსელონაში“ საოცარი კარიერა ჰქონდა და ასეთი არავის ჰქონია ამაზე ყველა თანხმდება. მას შემდეგ, რაც „ბლაუგრანამ“ დაკავებული თანამდებობიდან ერნესტო ვალვერდე გაუშვა, გუნდის შედეგები და თამაშის ხარისხი ნელ-ნელა უკან წავიდა.

მოდით ერთად გადავხედოთ ლეოს სტატისტიკას და ტიტულებს სხვადასხვა მწვრთნელების მუშაობის დროს.

ფრენკ რაიკაარდი

არგენტინელი სუპერვარსკვლავის პირველი დამრიგებელი „ბარსელონაში“ ნიდერლანდელი სპეციალისტი იყო. ფრენკის მოღვაწეობის პერიოდში ლიონელმა 110 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 42 გოლი გაიტანა, 20 საგოლე გადაცემა შეასრულა და 5 ტიტული მოიგო.

პეპ გუარდიოლა

პეპის დანიშვნა და მესის აღზევება ერთმანეთთან კავშირშია. ესპანელმა სპეციალისტმა და ლეომ საოცარი ჰარმონია შექმნეს და „ბარსელონა“ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად აქციეს. 7 ოქროს ბურთის მფლობელმა გუარდიოლასთან მუშაობის დროს ბარსას მაისური 219-ჯერ მოირგო, 211 გოლი გაიტანა, 84 საგოლე გადაცემა შეასრულა და 14 ტიტული მოიგო.

ტიტო ვილანოვა

ვილანოვამ პეპ გუარდიოლა ჩაანაცვლა. სამწუხაროდ მას ბევრი დრო არ მიეცა, რადგან სიმსივნის გამო სამწუხაროდ გარდაიცვალა. და მაინც, ლეოს სტატისტიკა ვილანოვას მუშაობის დროსაც შთამბეჭდავი იყო. 50 მატჩი, 60 გოლი, 15 ასისტი და ერთი ტიტული.

ტატა მარტინო

არგენტინელი ალბათ ბარსას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მწვრთნელია. „ბლაუგრანამ“ მარტინოს ხელმძღვანელობით სეზონი უტიტულოდ დაასრულა, თუმცა სეზონის დასაწყისში „ბარსელონამ“ ესპანეთის სუპერ თასი მოიგო. რაც შეეხება ლეოს, მან ტატას ხელმძღვანელობით 46 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 41 გოლი გაიტანა, 14-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა და როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთი ტიტული მოიგო.

ლუის ენრიკე

„ლუჩოს“ დანიშვნამ „ბარსელონა“ გამოაფხიზლა და პირველივე სეზონი შთამბეჭდავი გამოვიდა. ენრიკემ კატალონიელებს ტრიპლეტი მოაგებინა. მესიმ კი საერთო ჯამში ლუისის ხელმძღვანელობით 158 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 153 გოლი გაიტანა, 67 საგოლე გადაცემა შეასრულა და 9 ტიტული მოიგო.

ერნესტო ვალვერდე

ვალვერდეს კატალონიურ კარიერას ჩემპიონთა ლიგა დააკლდა. ვინ იცის, რომ არა „რომასთან“ და „ლივერპულთან“ მოულოდნელი გამოვარდნა, შესაძლოა დღესაც ბარსას მწვრთნელი ყოფილიყო.

ლეგენდარულმა არგენტინელმა ერნესტოსთან მუშაობის დროს „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 112-ჯერ მოირგო, 101 გოლი გაიტანა, 45 საგოლე გადაცემა შეასრულა და 3 ტიტული მოიგო.

როგორც ხედავთ, 7 ოქროს ბურთის მფლობელი ყველაზე ნაყოფიერი პეპ გუარდიოლასთან თამაშის დროს იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები