შეუძლებელი არაფერია - 100 წლის მამაკაცმა 100 მეტრი 26 წამში გაირბინა
ლესტერ რაითი 100 წლის მამაკაცია, რომელმაც გააკეთა ის, რაც ბევრს წარმოუდგენელი ეგონა. გასულ უქმეებზე, რაითმა Penn Relays-ში მიიღო მონაწილეობა და საკუთარი ასპარეზობით ტრიბუნებზე შეკრებილი მაყურებლები გააოცა.
ლესტერი 100 მეტრზე რბენაში, 80+ ასაკის მქონე სპორტსმენთა კატეგორიაში გამოვიდა და ფინიშის გადასაკვეთად 26.34 წამი დასჭირდა. გარბენში მონაწილეობა 9 სპორტსმენმა მიიღო და აღსანიშნავია, რომ 100 წლის რაითმა მე-7 ადგილი დაიკავა.
„ამ გარბენით უდიდესი სიამოვნება მივიღე და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას შევძლებდი. როცა აქ მოვედი, ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ ხალხის ნახვის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა და კარგი განწყობა დამეუფლა“, - განაცხადა რაითმა ასპარეზობის შემდეგ.
ცნობისთვის, ლესტერი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გახლავთ და სკოლაში ყოფნისას, მძლეოსნობით იყო დაკავებული. იგი დღემდე აქტიურად ვარჯიშობს და კვირაში მინიმუმ 3 დღე დარბის. რაითის თქმით, ყოველდღიურად, იგი სულ მცირე 1.5 მილს გადის.