ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ვალენსიას მომავლის განუყოფელი ნაწილი გახდა“ - ესპანური პრესა „მამარდაზე“

ესპანეთის სამეფო თასის ფინალის შემდეგ, „ვალენსიას“ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ესპანურმა სააგენტო Mediotiempo-მ ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც „ღამურების“ შემადგენლობაში მის მიერ განვლილ პროგრესზეა საუბარი.

„როდესაც „ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილი თბილისის „დინამოდან“ 2021 წლის ზაფხულში შეიძინა, კლუბის დირექტორთა საბჭომ იფიქრა, რომ ისინი მეკარეს B გუნდისთვის ყიდულობდნენ, რომელიც RFEF-ის მესამე დივიზიონში ითამაშებდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათ მოიყვანეს ფეხბურთელი, რომელიც ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდებოდა.

მამარდაშვილს მეტეორულ აღზევებაში გარკვეულწილად იღბალიც დაეხმარა, რადგან სეზონის სტარტზე ძირითადი გუნდის ორივე მეკარე, იასპერ სილესენიც და ხაუმე დომენეკიც ტრავმირებულები იყვნენ. წინასასეზონო მზადების დროს მამარდაშვილმა ხოსე ბორდალასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რის გამოც მან ქართველ მეკარეს ლა ლიგის პირველ ტურში „ხეტაფეს“ წინააღმდეგ სრული ნდობა გამოუცხადა.

ახალბედა ფეხბურთელმა სეზონის გახსნით მატჩში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და „ხეტაფესთან“ ოთხი სეივი შეასრულა, მათ შორის ერთ-ერთი წარმოუდგენელიც იყო, როდესაც მან ხოსე მაკიასს ახლოდან დარტყმული აუღო. მამარდაშვილს გმირობა კარგად დაუფასდა და ის პირველი ტურის საუკეთესო მეკარედაც დაასახელეს.

იმის მიუხედავად, რომ უკვე ყოფილმა სასტარტო მეკარემ, იასპერ სილესენმა ტრავმა მალევე მოირჩინა, მამარდაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი კიდევ 5 მატჩში შეინარჩუნა და ნიდერლანდების ნაკრების მეკარე სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ამ პერიოდში, ახალგაზრდა მეკარემ საერთაშორისო ასპარეზზეც მოსინჯა ძალები და 2021 წლის სექტემბერში, ბულგარეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მისი დებიუტი შედგა.

მე-7 ტურში, ბორდალასმა მეკარეების როტაცია გადაწყვიტა და ძირითად შემადგენლობაში სილესენი დააყენა. თუმცა, იანვარში მამარდაშვილს მეორე შანსი მიეცა, როდესაც ნიდერლანდელი მეკარე ისევ დაშავდა. თავდაპირველად, ბორდალასი შედარებით უფრო გამოცდილ მეკარეს, ხაუმე დომენეკს დაეყრდნო, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო.

ქართველი მეკარე სასტარტო შემადგენლობას ლა ლიგის 23-ე ტურში დაუბრუნდა და მას შემდეგ ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა გარდა ერთისა, როდესაც ბორდალასმა ის კოპა დელ რეის ფინალისთვის დაასვენა. მამარდაშვილმა სამეფო თასის გათამაშებიდან ხაუმე დომენეკიც ამოაგდო და ბილბაოს „ატლეტიკთან“ ორივე ნახევარფინალური მატჩი ითამაშა. „ვალენსიამ“ საბოლოოდ ორი მატჩის ჯამში 2:1 მოიგო, მამარდაშვილმა კი ამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მან ფინალში „ბეტისის“ წინააღმდეგაც თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და პირველ ტიტულამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

თამაშებში გამოჩენილი ენთუზიაზმითა და კარის ძელებს შორის ბრწყინვალე მოქმედებით, მამარდაშვილმა „ვალენსიას“ გულშემატკივრების მხარდაჭერა მიიღო და კლუბის ყოფილი მეკარის, სანტიაგო კანისარესის ნდობაც დაიმსახურა. მას ხოსე ბორდალასიც ენდობა, არა და ჯერ მხოლოდ 21 წლისაა. უდავოა, რომ ის „ვალენსიას“ მომავლის განუყოფელი ნაწილია“, - ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს ესპანეთის სამეფო თასის ფინალში „ვალენსია“ „ბეტისს“ დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი „ბეტისმა“ 5:3 გაიმარჯვა და კოპა დელ რეის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას მაგარი ''სეივები'' - ვალენსიას დასანანი მარცხი თასის ფინალში
მამარდას მაგარი ''სეივები'' - ვალენსიას დასანანი მარცხი თასის ფინალში