ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„მის გარეშე ვალენსიას მომავალი არავის წარმოუდგენია" - ესპანურ პრესაში მამარდაზე წერენ

კოპა დელ რეის ფინალური შეხვედრის შემდეგ, ესპანურ პრესაში გიორგი მამარდაშვილზე აქტიურად წერენ. ამჯერად, „ვალენსიას“ ქართველ მეკარეზე Vipdeportivo.es-ი გველაპარაკება და საკმაოდ ვრცელ და საინტერესო სტატიას გვთავაზობს.

„ცხოვრება მოვლენების ერთობლიობას წარმოადგენს და ერთი წლის წინანდელ რეალობასა და აწმყოს შორის დიდი სხვაობაა. შესაძლოა, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალოს ან პირიქით, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ცვლილებები გარდაუვალია და თუ ჩვენი არ გჯერათ, გიორგი მამარდაშვილს მიმართეთ. იგი საშუალო დონის ქართული კლუბის მეკარიდან ვალენსიას ძირითად გოლკიპერად იქცა, რომელმაც ისეთი სტატუსის მქონე ფეხბურთელის ადგილი დაიკავა, როგორიც იასპერ სილესენია.

2021 წელს, დაახლოებით ამ დროს, ლევან სარალიძემ და მისმა პარტნიორმა, ანტონიო ლოპესმა ვალენსიას აკადემიას წინადადებით მიმართეს. საუბარი ეხებოდა 20 წლის ქართველ გოლკიპერს, რომელიც სიმაღლეში თითქმის 2 მეტრი გახლდათ და საქართველოს ეროვნულ ლიგაში ბრწყინვალედ ასპარეზობდა. იგი თბილისის ლოკომოტივის რიგებში თამაშობდა, სადაც დინამო თბილისიდან იჯარის წესით იმყოფებოდა, მანამდე კი რუსთავში იყო განათხოვრებული.

მიღებული წინადადების შემდეგ, აკადემიის ხელმძღვანელებმა, ლუის მარტინესმა, მარკო ოტერომ და ხოსე ხიმენესმა ფეხბურთელი შეისწავლეს. მათთვის მოულოდნელად, ეს მოთამაშე აღმოჩნდა ბრილიანტი, რომელსაც დამუშავება სჭირდებოდა და ვალენსიელებმა გადაწყვიტეს, ეს ნაბიჯი გადაედგათ. 2021 წლის ივნისში, ვალენსიამ გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურად გაიფორმა და მისთვის გეგმაც შეიმუშავა. მას ძირითად გუნდთან ერთად უნდა ევარჯიშა, მაგრამ ვალენსიას სათადარიგო გუნდში, ესპანეთის რანგით მე-5 დივიზიონში უნდა ეთამაშა, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ განგებას მასთან მიმართებით, საერთოდ სხვა გეგმები ჰქონდა. წინასასეზონო მზადებისას, იასპერ სილესენმა და ხაუმე დომენეკმა ტრავმები მიიღეს და ხეტაფესთან შეხვედრაში ვალენსიას მეკარე დასჭირდა.

მამარდაშვილი კარგად ვარჯიშობდა და ნელ-ნელა ბორდალასის გულს იპყრობდა. საბოლოოდ, ღამურების თავკაცმა გადაწყვიტა, რომ მისთვის შანსი მიეცა და გიორგიმ მწვრთნელის ნდობა გაამართლა. ხეტაფესთან ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის გამო, მისი სახელი ყველას პირზე ეკერა და დიდი ხანი არ დაგვჭირვებია, რომ მისი გვარი დაგვემახსოვრებინა. ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრების შემდეგ, გამოუცდელობამ და ახალგაზრდულმა ასაკმა თავისი ქნა და მამარდაშვილმა შეცდომები დაუშვა, რასაც სილესენის გამოჯანმრთელება დაერთო და ნიდერლანდელი სასტარტოს დაუბრუნდა.

ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მამარდაშვილის ასპარეზობა მირაჟი და ილუზია გახლდათ. გიორგი ძირითად გუნდთან ერთად დარჩა და მართალია, სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, მაგრამ ვარჯიშებისას სამწვრთნელო შტაბის გაოცებას მაინც ახერხებდა და ვალენსიას მისი კონტრაქტის გამოსყიდვა გადააწყვეტინა. განგების წყალობით, ქართველმა გოლკიპერმა შანსი კიდევ ერთხელ მიიღო, როცა სილესენი დაიმტვრა და ამჯერად, მამარდაშვილმა ყველაფერი შესანიშნავად გამოიყენა. გიორგიმ დაამტკიცა, რომ სეზონის სტარტთან შედარებით, დაღვინებული ფეხბურთელი იყო და ბოლო თვეების განმავლობაში, როცა პატერნაში ცხოვრობდა და ესპანურს სწავლობდა, თავდაჯერებულობა შეიძინა. 6 თებერვალს, სოსიედადის წინააღმდეგ, ბორდალასმა იგი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და ამის შემდეგ, მისთვის ადგილის წართმევა ვერავინ მოახერხა.

მან სათასო დაპირისპირებებში ხაუმე დომენეკიც ჩაანაცვლა - მეკარე, რომელსაც წამყვან ევროპულ კლუბებში უთამაშია და ვალენსიას ერთ-ერთი კაპიტანი გახლავთ. ამ დღის შემდეგ, მამარდაშვილი მაღალ დონეზე ასპარეზობს და რაც მთავარია, სტაბილურობით გამოირჩევა. მას შესანიშნავი რეფლექსები აქვს და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, გუნდს უსაფრთხოდ ყოფნის შეგრძნებას აძლევს. საქმე იქამდე მივიდა, რომ მან ვალენსიას ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში, კოპა დელ რეის ფინალში, ძირითად შემადგენლობაში იასპარეზა.

ლა კარტუხაზე, იგი ღამურების გმირი გახლდათ და მისი სეივების წყალობით, ვალენსიამ თამაშში დარჩენა მოახერხა. მართალია, პენალტების სერიაში იგი ფენომენალური ვერ იყო და ყველა დარტყმა გაუშვა, მაგრამ ღამურები მარცხს მას ნამდვილად ვერ დააბრალებენ. ახლა, არავინ განიხილავს მომავალს, რომელშიც მამარდაშვილი ვალენსიას ნომერ პირველი გოლკიპერი არაა და ეს გიორგიმ თავისი მუშაობით, მოთმინებითა და შეუპოვრობით დაიმსახურა. მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრებშიც ითამაშა და ვეტერანი მეკარის, გიორგი ლორიას მემკვიდრე გახლავთ.

ეს არის ამბავი ქართველ გოლკიპერზე, რომელიც ვალენსიას სარეზერვო გუნდში იმ მიზნით გადავიდა, რომ კლუბს გამოეწრთო და მომავალში ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ებრძოლა. მომავალში, რომელიც ყველას გასაოცრად, სულ რაღაც ორ თვეში დადგა. დღეს იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ესპანური გუნდის სასტარტო მეკარეა, შარშან ამ დროს კი, საშუალო დონის ქართულ კლუბში თამაშობდა. აი, ასეთი მოულოდნელობებითაა სავსე ცხოვრება“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ბეტისისა“ და „ვალენსიას“ ფინალური შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი სევილიელებმა 5:3 იმარჯვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტრავმის მიუხედავად, სეზონი შესანიშნავად ჩაამთავრა
„ტრავმის მიუხედავად, სეზონი შესანიშნავად ჩაამთავრა" - Nba.com-ის სტატია გოგაზე