ცვლილებები არ იქნება | ტორპედოს ხელმძღვანელობა გულშემატკივარს დახურულ კარს მიღმა შეხვდა
Aa
Aa

ცვლილებები არ იქნება | ტორპედოს ხელმძღვანელობა გულშემატკივარს დახურულ კარს მიღმა შეხვდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 ტურის შემდეგ არასახარბიელო შედეგები აქვს ქუთაისის ტორპედოს, რომელმაც რანგით უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება შეძლო, თუმცა მიმდინარე სეზონი დინამო თბილისთან მატჩითა და მარცხით (4-0) გახსნა, შემდეგ დილა მინიმალური სხვაობით დაამარცხა (1-0), მესამე ტურში კი კვლავ დამარცხდა - საბურთალოსგან ორი უპასუხო გოლი მიიღო და საბოლოო ჯამში, 3 ქულა აქვს.

ნაჩვენები შედეგებით უკმაყოფილო იყო ქუთაისელი გულშემატკივარი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 3 შეხვედრაში ტორპედომ კატასტროფული შედეგები აჩვენა. ყოველგვარი პასუხისმგებლობა მთავარ მწვრთნელს ეკისრება! ეს ადამიანი ქუთაისის ტორპედოს დონის არ არის და გუნდი რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს.

მოგვიანებით, განცხადება კლუბის ოფიციალურ გვერდზეც გაჩნდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტორპედოსა და გულშემატკივარს შორის შეხვედრა ჩაინიშნა. 

გასულ დღეს შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა კლუბმა სოციალური ქსელით გაავრცელა, თუმცა ინფორმაციის გარეშე. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არც თავად გულშემატკივის ფან-გვერდზე გაჩნდა. ბუნებრივია, CrystalSport-ი შეხვედრაზე განხილული თემებით დაინტერესდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შეხვედრამ დახურულ კარს მიღმა ჩაიარა. კლუბმა და გულშემატკივარმა შეკრებაზე განხილული თემების ფართო აუდიტორიისთვის წარდგენაზე უარი თქვეს. გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე ამ ნაბიჯისთვის ორივე მხარე მზად იყო.

CrystalSport-ის ინფორმაციითვე, გუნდმა გულშემატკივარს საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ გააცნო, რომლის მიხედვითაც, მთავარი მწვრთნელი, გია ცეცაძე ტორპედოს არ ტოვებს. ტორპედოს პოზიცია ასეთია: ჩემპიონატის საწყის ეტაპზე მყოფი გუნდისთვის, რომელიც შეთამაშების სტადიაზეა, საუკეთესო გამოსავლი ცვლილებები არ არის.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მატჩს ტორპედო ლოკომოტივის წინააღმდეგ 13 მარტს, 21:00 საათიდან გამართავს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს CrystalSport-ის Youtube არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 4 მატჩი დიდთოვლობის გამო გადაიდო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 4 მატჩი დიდთოვლობის გამო გადაიდო