საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბის მსოფლიო რეიტინგში დაქვეითდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველ შეხვედრაში პორტუგალიას მიხეილ მესხზე უმასპინძლა და დაძაბული, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩი, ფრედ, ანგარიშით - 25-25 დაასრულა. ეს მესამე ფრეა, რომელიც ამ გუნდებს შორის გამართულ 23 შეხვედრაში (16 მოგება) დაფიქსირდა: 2006 წელს პორტუგალიას, ლისაბონში (11-11), 2009 წელს კი თბილისში (20-20) ვეთამაშეთ.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი
სარეიტინგო კუთხით აღნიშნული ფრე ,,ბორჯღალოსნების" სასიკეთო არ გამოდგა. ჩვენმა გუნდმა რაგბის მსოფლიო რეიტინგში 1 ადგილი დაკარგა, მე-12 პოზიცია სამოას დაუთმო და თავად 72.72 ქულით მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.
მსოფლიო რეიტინგში მაისაშვილის გუნდთან ყველაზე ახლოს იტალია (70.51) და რუმინეთი (67.91) იმყოფებიან.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს გამართავს და ამსტერდამში, ნიდერლანდებს ეწვევა.