ისტორია | ,,მამამ ბაზარში დედაჩემის მოქსოვილი სვიტერი გაყიდა და თხილამურები მიყიდა
Aa
Aa

ისტორია | ,,მამამ ბაზარში დედაჩემის მოქსოვილი სვიტერი გაყიდა და თხილამურები მიყიდა"

კობა წაქაძე ზამთრის სახეობებში, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში,  ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც 1956-1972 წლებში ზამთრის 4 ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა.

საქართველოს პირველმა არხმა სპორტსმენის მოგონებები გაავრცელა, სადაც წაქაძე იმ პრობლემების შესახებ საუბრობს, რომელიც ბავშვობაში და კარიერის საწყის ეტაპზე გადალახა.

ბაკურიანში ხშირად ისვენებდნენ ბერიას, მოლოტოვისა და სხვა საბჭოელი მაღალჩინოსნების მეუღლეები. ისინი ტყესთან პატარა სახლში ცხოვრობდნენ. სადილობას რომ დაასრულებდნენ სუფრას სპეციალურად არ ალაგებდნენ და გარეთ გამოდიოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ჩვენ, ბაკურიანელი ბიჭები, ამ მომენტს იქვე დამალულები ველოდებოდით და როდესაც დაცვა გვანიშნებდა, გიჟებით გავრბოდით საჭმლის ნარჩენები რომ წამოგვეღო… მაშინ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დრო და ტოკიოში იმპერატორ ხიროხიტოს აპარტამენტებში ცხოვრება მომიწევდა.

მამამ ბაზარში დედაჩემის მოქსოვილი სვიტერი გაყიდა. იმ ფულით საჩუქარი გამიკეთა, თხილამურები მიყიდა… თავად ორ დღეში გარდაიცვალა.

ბავშვობაში ბაკურიანის გარშემო მწყემსად დავდიოდი ხოლმე და თან მელიებზე და კურდღლებზე არწივების ნადირობას ვაკვირდებოდი. ცაში წერტილი გამოჩნდებოდა, დატრიალდებოდა და როდესაც მინდორში მსხვერპლს დაინახავდა, ფრთებს სხეულზე მიიკრავდა, კისერს გაჭიმავდა და ძირს ტყვიასავით ეშვებოდა. ერთხელაც, ვარჯიშის დროს, უცებ ეს სურათი გამახსენდა და ხელები სხეულის გასწვრივ დავიდე, ნახტომიც მშვენიერი გამოვიდა და როდესაც საერთშორისო შეჯიბრზე ასე გადმოვხტი აღმოჩნდა, რომ პირველი ვიყავი, ვინც ასე იფრინა. მას შემდეგ ეს ნახტომი მსოფლიომ წაქაძის ნახტომად აღიარა.

კობა წაქაძემ კარიერის მანძილზე 54 შეჯიბრში გაიმარჯვა, განსაკუთრებული პოპულარობა მან გასული საუკუნის 50-60-იან წლებში მოიპოვა, აქტიური სპორტული კარიერა კი 1972 წელს, 38 წლის ასაკში დაასრულა.

კობა წაქაძე ბაკურიანში დაიბადა, სადაც დღეს, ოჯახთან ერთად, მისი სახელობის ქუჩაზე ცხოვრობს.

მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპეციალური კომისია იქმნება - საქართველო 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
სპეციალური კომისია იქმნება - საქართველო 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება