ასათიანი ესპანეთშია - 18 წლის მეკარე ხეტაფეში გადასვლასთან ახლოსაა
საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ექს-მეკარე დავით ასათიანი ესპანურ ''ხეტაფეში'' გადასვლასთან ახლოსაა. CrystalSport-ის ცნობით 18 წლის ფეხბურთელი ესპანეთში იმყოფება და სარეზერვო გუნდში ვარჯიშობს. ასათიანის ''ხეტაფეში'' გადასვლის შემთხვევაში მეკარე თავდაპირველად სარეზერვო გუნდში ითამაშებს.
''ხეტაფეს'' ქართველი მეკარის დამატება გასულ ზაფხულშიც სურდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ტრანსფერი არ შედგა.
2019-21 წლებში ასათიანი ქუთაისის ''ტორპედოში'' ასპარეზობდა, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ''საბურთალოსთან'' შეხვედრა, როცა 16 წლის ასაკში მატჩის ბოლო წუთზე პენალტი მოიგერია და ქუთაისური გუნდი მარცხისგან იხსნა.
''ტორპედოს'' გარდა ასათიანი გარკვეული პერიოდი ''ზესტაფონის'' შემადგენლობაში ირიცხებოდა.
2019-20 წლებში გიორგი ჩიტაურის ფორმაციის საქართველოს 17-წლამდე ნაკრების რიგებში ორი მატჩი ჩაატარა, ევროშესარჩევში უკრაინასთან იასპარეზა, შემდეგ კი ისლანდიასთან ამხანაგურ მატჩში ითამაშა.