დინამომ 200 000 ევროთი მეტი მოითხოვა - აზაროვის ტრანსფერის დეტალები
ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელის, ირაკლი აზაროვის მომავალზე თურქული გამოცემები აქტიურად საუბრობენ. 19 წლის მცველს „ტრაბზონსპორს“ უკავშირებენ და დაიწერა, რომ ტრანსფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლო საათებში ყველაფერი შეიცვალა.
გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა დეტალებზე ვერ მოილაპარაკეს და ბოლო მომენტში აჭარულმა კლუბმა „ტრაბზონსპორისგან“ ბევრად მეტი თანხა მოითხოვა. Haber61-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ „დინამოსა“ და თურქულ გუნდს შორის პრინციპული შეთანხმება მიღწეული იყო და „ტრაბზონსპორი“ აზაროვის სანაცვლოდ პირველ ეტაპზე 1.5 მილიონ ევროს იხდიდა, აჭარლებმა დამატებით 200 000 ევროს მიღება მოითხოვეს.
Haber61-ის მიხედვით, მოლაპარაკებები სწორედ ამის შემდეგ შეჩერდა და საქმეში „ტრაბზონსპორის“ მთავარი პირები ჩაერთნენ. მათ სცადეს, რომ ყველაფერი პოზიტიურად დასრულებულიყო, მაგრამ პროცესი დაიბლოკა და დადებით ფინიშს ადგილი არ ჰქონია.
ცნობისთვის, რამდენიმე თურქული გამოცემა იუწყება, რომ აზაროვის ტრანსფერი ჩაიშალა და ქართველი ფეხბურთელის „ტრაბზონსპორში“ გადასვლა თითქმის შეუძლებელია.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვისთვის 2021 წელი ძალიან წარმატებული გამოვიდა. დინამო თბილისიდან ნაყიდი მოთამაშე ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრდა, გია გეგუჩაძის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა და უცხოური კლუბების ყურადღება დაიმსახურა. ევროტურნირების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სახელს უცხოური მედია არაერთ კლუბს უკავშირებდა, მათ შორის: ტრაბზონს, კრასნოდარს, პაფოსს, ბრიუგესა და ზაგრების დინამოს.