მატჩის წინ - აიაქსი VS ლიონი
Aa
Aa

მატჩის წინ - აიაქსი VS ლიონი

"ევროპის ლიგის" ერთ-ერთი 1/2 ფინალური შეხვედრა არა ხუთშაბათს, არამედ ოთხშაბათს ჩატარდება - "აიაქსი" "ლიონს" მიიღებს. თამაში 20:45 საათზე დაიწყება. 

ნახევარფინალში მყოფ გუნდთაგან „აიაქსი“ ერთადერთია, რომელსაც ეს ტურნირი მოგებული აქვს - "უეფას თასი" 1992 წელს მოიგო. 

ეს გუნდები ერთმანეთს 2002-2003 წლების სეზონის "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. "ამსტერდამ არენაზე" მასპინძლებმა იბრაჰიმოვიჩის დუბლით 2:1 იმარჯვეს, ხოლო საფრანგეთში პიენაარმა და ვან დერ ვაარტმა შეაგდეს - 0:2.

ჰოლანდიელებს დაცვის ხაზში სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ. მათ დისკვალიფიკაციის გამო ორი წამყვანი მცველი - ვირგევერი და ველტმანი არ ეყოლებათ. რაც შეეხება "ლიონს", დიდი ალბათობით, მას თავისი ლიდერის, ალექსანდრ ლაკაზეტის გარეშე მოუწევს თამაში. 

მწვრთნელების კომენტარები

პიტერ ბოში: "ჩვენ ტურნირის ნახევარფინალში ვთამაშობთ. ფეხბურთელები ბრძოლისთვის მზად არიან. "ლიონი" დიდებული გუნდია და სხვანაირად ვერც იქნებოდა, აქამდე მოღწევა ჩვეულებრივ გუნდს არ შეუძლია. 

დაწვრილებით შევისწავლეთ მათი თამაშები და განსაკუთრებით "ალკმაართან" გამართული დაპირისპირებები. 

ითამაშებს თუ არა ლაკაზეტი? სიმართლე გითხრათ, ეს ჩვენ გეგმას არ შეცვლის. ფაქტია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში "ლიონს" უმაღლესი დონის შემადგენლობა ჰყავს". 

ბრუნო ჟენეზიო: "ვფიქრობ, გახსნილი თამაში იქნება. "აიაქსი" უდიდესი ისტორიის კლუბია, რომელიც ახლა შესანიშნავ ფორმაშია.

მათ შემტევი ფეხბურთი ხიბლავთ. სწრაფი და ტექნიკური თავდამსხმელები ჰყავთ. დიდი ძალებით უტევენ და როცა ბურთია დასაბრუნებელი, პრესინგს თამაშობენ.

ამ გუნდთან სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ მეორე მხრივ თავისუფლად უნდა ვიმოქმედოთ.

რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუკი პირველივე თამაშს მოვიგებთ. თუმცა ყველა ვარიანტში, ფინალისტის ვინაობა მხოლოდ საპასუხო მატჩის მერე გაირკვევა. თუ ლაკაზეტი ვერ გამოვა მოედანზე, ჩვენი სტილი არ შეიცვლება, რადგან ფეკირიც ანალოგიური სტილის ფორვარდია". 

სავარაუდო შემადგენლობები

აიაქსი: ონანა - ტეტე, სანჩესი, დე ლიხტი, რიდევალდი - კლაასენი, შიონე, ზიეჩი - ტრაორე, იუნესი, დოლბერგი.

ლიონი: ლოპეში - ჟალე, ნკულუ, დიახაბი, მორელი - გონალონი, ტუსარი - ტოლისო, კორნე, ვალბუენა - ფეკირი.

შეხვედრას იტალიელი რეფერი, ჯანლუკა როკი განსჯის. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები