ატლეტიკო VS ლივერპული - მატჩის წინ
Aa
Aa

ატლეტიკო VS ლივერპული - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მადრიდის „ატლეტიკო“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„ატლეტიკო“

დიეგო სიმეონეს გუნდმა ლა ლიგის ბოლო ტური გამოტოვა. ეს თავად კლუბმა სთხოვა ესპანეთის ფეხბურთს ფედერაციას, რადგან, როგორც წესი სანაკრებო პაუზიდან სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები რამდენიმე დღით გვიან ბრუნდებიან და „როხიბლანკოს“ დიდი დანაკლისი ჰქონდა.

სატურნირო ცხრილში მადრიდული გრანდი 17 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ „ატლეტიკოს“ სხვა გუნდებზე 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

დანაკლისი

დიეგო სიმეონეს „ლივერპულთან“ მატჩში ორი ფეხბურთელი დააკლდება. საქმე კუნიას და სავიჩს ეხებათ.

რა თქვა სიმეონემ მატჩის წინ?

„კალენდარი არ მაინტერესებს. ფიფა-ში და უეფა-ში წყვეტენ ამას და მათ ჰკითხეთ. „ჩელსი“ „სიტი“ და „ლივერპული“ ბრწყინვალე ფორმაში არიან. სამივე გუნდთან სიამოვნებით ვითამაშებდი. კლოპის ბიჭები კარგად მუშაობენ. ისინი აქტიურად მიმართავენ პრესინგს და მეტოქეს წნეხში აქცევენ.

ხვალ მატჩამდე ბოლო ვარჯიში იქნება და ვნახავ ვინ არის საუკეთესო ფორმაში. ზოგმა ფეხბურთელმა ტრავმა ახლახანს მოიშუშა. მთავარი საზრუნავი „ლივერპულია.“ ჩვენს მოწინააღმდეგეს ვან დაიკი დაუბრუნდა და ეს მათთვის შესანიშნავი ამბავია. ბალანსი უნდა დავიცვათ და ტემპი შევინარჩუნოთ. მხოლოდ ასე მივაღწევთ წარმატებას.

სუარესს არაფერი აწუხებს და ყოფილ კლუბთან სათამაშოდ მზად არის. სალაჰი საოცარი ფეხბურთელია, რომელიც ბოლო წლებში ყველას აოცებს. ეგვიპტელმა ჩემპიონთა ლიგის და პრემიერ ლიგის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა. მაქსიმალურად ვეცდებით „ლივერპულისთვის“ ზიანის მიყენებას.“

„ლივერპული“

მერსისაიდული გრანდი პრემიერ ლიგაში შესანიშნავ სეზონს ატარებს. ბოლო ტურში კლოპის გუნდი „უოტფორდს“ ესტუმრა და 5:0 გაანადგურა. სტუმრებმა საკმაოდ ეფექტური გოლები გაიტანეს და გულშემატკივრები გაახარეს.

8 ტურის შემდეგ, „ლივერპული“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 18 ქულით მეორე ადგილზეა და პირველ პოზიციაზე მყოფ „ჩელსის“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

დანაკლისი

იურგენ კლოპს მადრიდულ გრანდთან მატჩში ტიაგო ალკანტარა და ჰარვი ელიოტი დააკლდება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კურტის ჯონსის თამაში.

რა თქვა კლოპმა მატჩამდე?

„“ატლეტიკოს“ ორივე თამაშს თუ მოუგებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრად შორს წახვალ და მაღალ დონეზე იმყოფები. სამწუხაროდ, ბოლო ორი დაპირისპირება სიმეონეს გუნდთან წავაგეთ. არ ვიქნები გულწრფელი, თუ გეტყვით, რომ წარმატებაში დარწმუნებული ვარ. ამ მატჩების შემდეგ ბევრი ვისწავლეთ. „ატლეტიკოსთან“ შეხვედრა უმძიმეს ვითარებაში მოგვიწია. „როხიბლანკო“ ახლა განსხვავებული გუნდია, რადგან სიმეონემ ახალი სისტემა შექმნა, რომელიც საკმაოდ ეფექტურია.ამის მიუხედავად, მადრიდელები მაინც შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობენ და ეს კარგად გამოსდით. წარმოუდგენელია, თუ როგორ ინარჩუნებს „ჩოლო“ ერთ დონეს ამდენი წლის განმავლობაში. მას დიდ პატივს ვცემ.“

ამ გუნდების ბოლო ორი დაპირისპირება

„ატლეტიკო“ და „ლივერპული“ ერთმანეთს ბოლოს 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შეხვდნენ. პირველი დაპირისპირება მადრიდულმა გრანდმა 1:0 მოიგო, ხოლო მეორე 2:3 კვლავ მადრიდელთა სასარგებლოდ დასრულდა და მეოთხედფინალში „როხიბლანკო“ გავიდა.

სატურნირო მდგომარეობა

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფს „ლივერპული“ 6 ქულით ლიდერობს. მეორე პოზიციაზეა „ატლეტიკო“ 4 ქულით. მესამე პოზიციას „პორტუ“ 3 ქულით იკავებს, ხოლო ნული ქულით „მილანი“ ბოლოზეა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები