ვალენსიას სამომავლო გეგმები - AS-მა მამარდაშვილზე დაწერა
Aa
Aa

ვალენსიას სამომავლო გეგმები - AS-მა მამარდაშვილზე დაწერა

ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა სტატია გამოაქვეყნა და „ვალენსიას“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. სტატიაში აქცენტი ფეხბურთელთა კონტრაქტებთან დაკავშირებით, „ღამურების“ პოზიციაზეა გაკეთებული. ავტორი იმ მოთამაშეებზე საუბრობს, რომლებთანაც „ვალენსიამ“ გრძელვადიანი კონტრაქტები გააფორმა და ასახელებს ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბი უახლოეს მომავალში, ხელშეკრულების გახანგრძლივებას შესთავაზებს.

ავტორის ყურადღების ცენტრში გიორგი მამარდაშვილიც მოექცა და AS კიდევ ერთხელ წერს, რომ „ღამურები“ მის გამოსყიდვას წლეულს აპირებენ: „ამ ეტაპზე, ვალენსიას სურვილი ხოსე ლუის გაიასთან და კარლოს სოლერთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა. კლუბს უნდა, რომ მათთან 2026 წლამდე ითანამშრომლოს, რაც ფეხბურთელთა ამჟამინდელი ხელშეკრულების 3 წლით გახანგრძლივებას გულისხმობს, თუმცა მოლაპარაკებების პროცესი დაწყებით ფაზაშია.

ყველაზე აქტიურ ფაზაში გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტის გამოსყიდვის საკითხთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებები გახლავთ. ვალენსიას სურს, რომ 800 000 ევრო 2021 წლის ბოლომდე გადაიხადოს, რისი წყალობითაც ქართველი გოლკიპერი შავ-თეთრების საკუთრება გახდება და მათ ღირსებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაიცავს. ყოველ შემთხვევაში, ეს ის დროა, რომელზეც მხარეები ტრანსფერზე მოლაპარაკებებისას შეთანხმდნენ, თუმცა მამარდაშვილმა ხელშეკრულება შესაძლოა, 2026 წლამდე გააფორმოს და მისი გამოსასყიდი თანხაც, რომელიც თავდაპირველად 15 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო, გაიზარდოს“, - წერს AS.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის საწყის ექვს ტურში 20 წლის ქართველმა მეკარემ ყველა მატჩი სასტარტოში ითამაშა, თუმცა მე-6 ტურში „სევილიასთან“ შეცდომები დაუშვა, არადამაჯერებელი იყო, რამაც განაპირობა მისი სასტარტოს მიღმა ყოფნა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები