Aa Aa
16 სექტემბერი 2021  |  02:04

ლივერპული 3:2 მილანი - მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში გულშემატკივრებმა საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება იხილეს. „ლივერპულმა“ „მილანს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

მერსისაიდელები მე-9 წუთზე ალექსანდრ-არნოლდმა დააწინაურა, თუმცა მოგვიანებით სხვადასხვა სპორტულ საიტებზე გოლი ტომორის ჩაეთვალა(ავტოგოლი). გატანილი გოლის შემდეგ კლოპის ბიჭები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და შეტევას შეტევაზე ანხორციელებდნენ.

ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და „როსონერის“ კარში მე-14 წუთზე პენალტი დაინიშნა. ბურთთან სალაჰი მივიდა, თუმცა ვერ გაიტანა. ნელ-ნელა პიოლის გუნდმა რეაბილიტაცია მოახერხა და 2 წუთიან მონაკვეთში წინ გავიდა. 42-ე წუთზე ანტე რებიჩმა აღადგინა წონასწორობა, ხოლო 44-ე წუთზე თავი ბრაჰი დიაზმა გამოიჩინა. პირველი ტაიმი კი იტალიელთა სასარგებლოდ 2:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა უპირატესობა კიდევ ერთხელ გაზარდეს და მოწინააღმდეგეს რეალური მომენტის შექმნის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. 49-ე წუთზე სალაჰმა ანგარიში გაათანაბრა. 69-ე წუთზე კი ყუმბარისებული დარტყმით ჰენდერსონმა „ლივერპული“ წინ გაიყვანა. საბოლოო ანგარიში 3:2.

საინტერესო ფაქტები

„ლივერპულმა“, ჩემპიონთა ლიგის გახსნითი ბოლო 7 მატჩი გამარჯვებით დაასრულა. უკანასკნელად, მერსისაიდული გრანდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის პირველ ტურში, საკუთარ კედლებში 2007 წელს დამარცხდა. (0:1 „მარსელთან“)

მოჰამედ სალაჰმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე მე-14 გოლი გაიტანა და ამით ლეგენდარულ სტივენ ჯერარდს გაუთანაბრდა.

კლოპის ხელმძღვანელობით, „ლივერპულს“ ჯგუფურ ეტაპზე თითო თამაშში საშუალოდ 2.5 გოლი გააქვს.

ბრაჰიმ დიაზი იოან გურკუფის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც „მილანის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი გაიტანა. დიაზმა „ლივერპულის“ კარის აღება 22 წლის და 43 დღის ასაკში მოახერხა, ხოლო გურკუფმა 2006 წელს „აეკს“ გოლი 20 წლის და 64 დღის ასაკში გაუტანა.

რა თქვა პიოლიმ მატჩის შემდეგ?

„ლივერპულმა“ პირველ 25 წუთში საოცრად ითამაშა. ამის შემდეგ ჩვენ შევიცვალეთ. მხოლოდ იმას ვნანობთ, რომ მეორე ტაიმში 2 გოლი გავუშვით. ეს ყველაფერი ჩვენს შეცდომებს მოჰყვა. ეს იყო თამაში, რომელიც ჩვენ გამოცდილებას მოგვცემს, ხარისხს გაგვიუმჯობესებს და ბევრ რამეს გვასწავლის.

საკმაოდ მოტივირებულები ვიყავით, თუმცა მეტოქემ კარგად დაიწყო და ჩვენ სტატისტის როლში ვიყავით. მათი სათამაშო ხარისხი და სისწრაფე ბევრ პრობლემას გვიქმნიდა. იტალიაში იმ აზრით მივდივართ, რომ გუნდი იზრდება და ეს ზრდა არ შეწყდება. მეტოქემ ძლიერი პრესინგი შემოგვთავაზა და ამ კომპონენტში საკმაოდ გაგვიჭირდა.

რა თქვა კლოპმა მატჩის შემდეგ?

„ჩვენ წარმოუდგენლად კარგად დავიწყეთ. ჩვენ ყველა ის სივრცე ავითვისეთ და ყველა იმ მონაკვეთში ვთამაშობდით, რომელშიც უნდა გვეთამაშა. მეტოქეს არაფრის საშუალებას არ ვაძლევდით, იქამდე სანამ არ დავისაჯეთ. ჩვენმა ფეხბურთმა გაგვიტაცა და გვეგონა, რომ სულ ასე იქნებოდა.

შეტევაში გავერთეთ და დაცვაში არაორგანიზებულად ვითამაშეთ. ეს ყველაფერი გამოსწორდება. იმ 10 წუთს თუ არ ჩავთვლით, ჩვენ იდეალურად ვითამაშეთ. ეს ფეხბურთია.. სიმართლე გითხრათ, ზუსტად ასეთი თამაშების ხილვა მსურს.“

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage