„მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ჩვენთვის სასურველი შედეგისთვის ვითამაშებთ
Aa
Aa

„მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ჩვენთვის სასურველი შედეგისთვის ვითამაშებთ" - სანიოლი

საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბერში 2 ოფიციალურ და 1 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრას 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე, პირველად ჩაატარებს, სადაც კოსოვოს უმასპინძლებს. მეორე მატჩი 5 სექტემბერს, სტუმრად, ბადახოსში, ესპანეთის წინააღმდეგ შედგება, 8 სექტემბერს კი ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში, ვასილ ლევსკის სტადიონზე, ბულგარეთის ეროვნულ ნაკრების დაუპირისპირდება.

დღეს, ბათუმი არენაზე, მატჩისწინა პრესკონფერენცია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გამართა.

მეკარეების კონკურენციაზე

„რაც შეეხება მეკარის სიტუაციას: მამარდაშვილის პროგრესით მოხარული ვარ, ეს ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან კარგია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მან ვალენსიაში ჯერ მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და სულ რაღაც 20 წლისაა.

რაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვმუშაობ, მას შემდეგ გიორგი ლორია პირველი მეკარეა, მისი თამაშით კმაყოფილი ვარ და ვერ ვხედავ ამ მომენტში რაიმე მიზეზს, ის შევცვალო. ასევ გამოსარჩევია ლაზარე კუპატაძეც, რომელიც რუმინეთთნ შეხვედრაში გამორჩეული იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს გიორგი მაკარიძეც.

რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია კარგია, რადგან ამ კომპონენტში არჩევანის საშუალება გვაქვს".

ხვიჩა კვარაცხელიაზე

 „ხვიჩა სტრავმა აწუხებს, მან რუბინში ბოლო 2 თამაში გამოტოვა. ჩვენ ის სანაკრებო სიაში იმ იმედით შევიყვანეთ, რომ გამოჯანმრთელდებოდა და სანაკრებო შეხვედრებს მზადყოფნაში შეხვდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ფაქტია, რომ ეს მოთამაშე ტრავმირებულია და გამოგვაკლდება.

ხვიჩა გამორჩეული მოთამაშეა, თუმცა ამჯერად ხვალინდელი მატჩი მის გარეშე უნდა მოვიგოთ".

მეტოქესა და ნაკრების ფორმაზე

 „მეტოქის ბევრი ფეხბურთელი წამყან ჩემპოინატში თამაშობს. მათ პატივს ვცემთ და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ მხოლოდ სასურველი შედეგისთვის ვითამაშებთ.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელებისთვის ტრანსპორტირების საკითხი რთულია, რადგან მათ შორი მანძილის დაფარვა უწევთ.

ვაკო ყაზაიშვილის გამოძახება წინა შეკრებაზეც მსურდა, თუმცა მაშინ რეგულაციების გამო ვერ ჩამოვიდა. მაშინაც როგორც ახლა, მას ჩვენი ნაკრების წამყვან მოთამაშედ მივიჩნევ.

რა თქმა უნდა, როცა გყავს მოთამაშეები, რომლებიც კლუბში მაქსიმალურ სათამაშო დროს იყენებენ და ეს კომფორტია, თუმცა გვყავს ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებსაც ახალ კლუბში შეხვედრა არ ჩაუტარებიათ, თუმცა ნაკრებში საკუთარი, მნიშვნელოვანი ადგილი აქვთ. საკლუბო დონეზე სისტემატურად თამაში ეს ერთ-ერთი კრიტერიუმია, რის მიხედვითაც ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში გამოვიძახებთ. ჩაკვეტაძეს ბოლო თვეებში ბევრი არ უთამაშია და გვესმის, რომ ის  90 წუთით სათამაშოდ 100% მზად არ არის, თუმცა ის ახლავე უნდა ყოფილიყო ნაკრებში, ფეხბურთის თამაშის სიხარული ისევ რომ ჰქონოდა და თანაგუნდელები ენახა.

წიტაიშვილს კიევის დინამოში ბევრი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, თუმცა იჯარით წავიდა და სათამაშო პრაქტიკა უკვე აქვს. ვფიქრობ, რომ მისნაირი ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს.

რა თქმა უნდა, გვსურს ჩვენმა ფეხბურთელებმა წარმატებულ ლიგებში ითამაშონ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, რადგან ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს. პირადად მე, რომელიმე დიდი გუნდის წარმომადგენელი რომ ვიყო, ოთარ კიტეიშვილს ახლავე ვიყიდდი".

მატჩი მაყურებლის გარეშე

„ყოველთვის გულდასაწყვეტია, როცა მატჩი მაყურებლის გარეშე იმართება, თუმცა არსებობს რეაგულაციები და ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ".

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში ბათუმი არენაზე

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ვილი სანიოლმა დაიწყო. საქართველო ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და კოსოვოს ჯგუფში ასპარეზობს, მიუხედავად ნაჩვენები სათამაშო ხარისხის პროგრესის, 3 მატჩის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს ( მარცხი / 1 ფრე) და ცხრილში ბოლოსწინა, მე-4 ადგილს იკავებს. მე-5, ბოლო პოზიციაზე, 1 გატანილი და 6 გაშვებული ბურთით, სწორედ ჩვენი მომავალი მეტოქე, კოსოვოა.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

2 სექტემბერი, 20:00 | საქართველო v კოსოვო 

5 სექტემბერი, 22:45 | ესპანეთი v  საქართველო

8 სექტემბერი, 20:30 | ბულგარეთი v საქართველო (ამხანაგური მატჩი)

სამივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები