რატომ ვერ ჩამოდის ხვიჩა ნაკრებში? - ფეხბურთის ფედერაციის განმარტება
Aa
Aa

რატომ ვერ ჩამოდის ხვიჩა ნაკრებში? - ფეხბურთის ფედერაციის განმარტება

საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბერში 2 ოფიციალურ და 1 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრას 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე, პირველად ჩაატარებს, სადაც კოსოვოს უმასპინძლებს.

მომავალი შეხვედრების წინ, ვილი სანიოლის წინასამატჩო განაცხადში ცვლილება შევიდა. როგორც მოგეხსენებათ, რუბინის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება, მის მაგივრად კი განაცხადს ჩერნომორეცის შემტევი, გიორგი წიტაიშვილი შეუერთდა, რომლისთვისაც ეს გამოძახება ეროვნულ ნაკრებში, სადებიუტოა.

გასული დღეების მანძილზე აქტიურად იწერებოდა, რომ კვარაცხელიას ტრავმა აქვს, რის გამოც, რუბინმა წინასამატჩო განაცხადში არ შეიყვანა.

ტრავმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ:

საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში ცვლილებაა. კლუბში მიღებული ტრავმის გამო სექტემბერში გასამართ ოფიციალურ და ამხანაგურ შეხვედრებში ეროვნულ გუნდს ყაზანის რუბინის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. მთავარი მწვრთნელის, ვილის სანიოლის გადაწყვეტილებით, მის ნაცვლად გუნდს უკრაინული ოდესის ჩერნომორეცის შემტევი, გიორგი წიტაიშვილი შეუერთდება",-ნათქვამია განცხადებაში.

სექტემბერში დაგეგმილი მატჩებისთვის მზადებას  ვილი სანიოლის გუნდი 30 აგვისტოდან დაიწყებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 ფეხბურთელით, ფოთში ივარჯიშებს, ქობულეთში იცხოვრებს, ხოლო 2 სექტემბერს, საშინაო მატჩს, ბათუმის ახალ არენაზე, მაყურებლის გარეშე ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

2 სექტემბერი, 20:00 | საქართველო v კოსოვო 

5 სექტემბერი, 22:45 | ესპანეთი v  საქართველო

8 სექტემბერი, 20:30 | ბულგარეთი v საქართველო (ამხანაგური მატჩი)

სამივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები