ბათუმში გასამართი საქართველო v კოსოვოს მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება
Aa
Aa

ბათუმში გასამართი საქართველო v კოსოვოს მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბერში 2 ოფიციალურ და 1 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე პირველად ჩაატარებს, სადაც კოსოვოს უმასპინძლებს. მეორე მატჩი 5 სექტემბერს, სტუმრად, ბადახოსში, ესპანეთის წინააღმდეგ შედგება, 8 სექტემბერს კი ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში სოფიას ვასილ ლევსკის სტადიონზე, ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.

მომავალი მატჩების მიმართ ინტერესი დიდია, განსაკუთრებით საინტერესო იყო რა ბედი ელოდა გულშემატკივარს, რომელიც ბათუმში გასამართ შეხვედრაზე დასწრებას გეგმავდა. მოგეხსენებათ, 4 სექტემბრამდე საქართველოში მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს, რაც კორონავირუსის პანდემიასა და ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას უკავშირდება.

ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

რამდენიმე წუთის წინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დასრულდა, სადაც არაერთი საკითხის შესახებ იმსჯელეს და ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის აღნიშნული შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება. გადაწყვეტილების მიზეზი ინფიცირებულების მაჩვენებელია - ბოლო 24 საათში კორონავირუსი 5 924 ადამიანს დაუდასტურდა.

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განმარტებით, იგივე მოხდება ყველა სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებაზე.

2 სექტემბერს, საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებების მატჩი ბათუმი არენაზე, 20:00 საათიდან დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები