Aa
Aa

"წარმატება აუცილებლად მოვა" - როზე ფრაიბურგთან მარცხის შემდეგ

ბუნდესლიგის მეორე ტურში „დორტმუნდის ბორუსია“ „ფრაიბურგს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ „დორტმუნდი“ საშინლად გამოიყურებოდა და მეტოქემ სრულიად დაჯაბნა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მარკო როზემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა მარკო როზემ?

„მას შემდეგ, რაც პირველი გოლი გავუშვით, ძალიან მალე ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შანსი გვქონდა. 0:2-ის შემდეგ კვლავ ვუტევდით და ვფიქრობ ტაბლოზე საყაიმო ანგარიშის დაფიქსირება შეგვეძლო.

„ფრაიბურგთან“ თამაში ყოველთვის რთულია. ბოძებულ მომენტებს თუ არ გამოიყენებ აუცილებლად წააგებ. აქ ადვილ გოლს ვერ გაიტან. ჩვენი მარცხის მიზეზი კი ზუსტად ეს არის. მოწინააღმდეგე ტაქტიკურად იდეალურად იყო მზად.

ვფიქრობ, ჩვენ რიგ ეპიზოდებში ძალიან ნელა ვითამაშეთ, ბურთს ხშირად ვეხებოდით. ეს ჩემი გეგმა არ იყო. არის დეტალები, რომლებიც უნდა გაუმჯობესდეს და ამის შემდეგ წარმატება აუცილებლად მოვა.“

„დორტმუნდი“ ბუნდესლიგაში

პირველ ტურში „დორტმუნდის ბორუსიამ“ „აინტრახტს“ უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა. ერლინგ ჰოლანდმა კი მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. გამოდის, რომ ახალგაზრდა ტალანტმა ხუთივე გოლში მიიღო მონაწილეობა.

ორი ტურის შემდეგ კი როზეს გუნდს 3 ქულა აქვს. მომდევნო ტურში „დორტმუნდის ბორუსია“ „ჰოფენჰაიმს“ უმასპინძლებს. მატჩი 27 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 22:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები