პარალიმპელი ძიუდოისტი პარალიმპიადიდან მოიხნა - ქართული მხარის განმარტება ინციდენტზე
Aa
Aa

პარალიმპელი ძიუდოისტი პარალიმპიადიდან მოიხნა - ქართული მხარის განმარტება ინციდენტზე

საქართველოს პარალიმპიელთა დელეგაცია იაპონიაში, ქალაქ ტოკუშიმაში, დაახლოებით 1 კვირის წინ გაემგზავრა და  ადგილზეა. 

Japantoday-მ დაწერა, რომ ადგილობრივ პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე შევიდა, რომელიც ქართველ სპორტსმენს უკავშირდება. უფრო ზუსტად, საქართველოს წარმომადგენელს ბრალი ძალადობაში ედება - გამოცემის მტკიცებით, ძიუდოისტი და რამდენიმე სხვა სპორტსმენი 12 აგვისტოს, გამთენიისას, სასტუმროს საჯარო სივრცეში ხმაურს იწვევდნენ, რის გამოც დაცვის თანამშრომელმა მათ მითითება მისცა. სასტუმროს 60 წლის თანამშრომელსა და ქართველ სპორტსმენს შორის შელაპარაკება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. დაშავებულია იაპონელი - მას ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება.

ადგილობრივი პოლიციის განმარტებით, საქართველოს წარმომადგენელმა აღიარა, რომ ის და საქართველოს დელეგაციის სხვა წარმომადგენლები ალკოჰოლის თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ.

Japantoday იმასაც წერდა, რომ საქართველოს დელეგაციაში, ერთ-ერთ სპორტსმენს კორონავირუსი იაპონიაში ჩასვლის შემდეგ აღმოაჩნდა, რის გამოც აღნიშნული შეკრება, კარანტინის მიზეზით, სასტუმროში შედგა.

რატი იონათამიშვილი - პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტი 

„ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტი მოხდა, რაც არამხოლოდ ჩვენს პარალიმპურ მოძრაობას, არამედ, უშუალოდ თავად პარალიმპური თამაშების იდეას ჩრდილს აყენებს.

რა ინფორმაციაც მე მაქვს, იაპონიის სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას ატარებენ, რადგან საუბარი ძალადობის ფაქტზეა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას.

ტოკიოს პარალიმპურ კომიტეტთან აქტიური კომუნიკაციას გვაქვს. ამ ეტაპზე, გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს - სპორტსმენს შეუჩერდა აკრედიტაცია და ის პარალიმპიადაზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებს მიუხედავად იმის, მას ოქროს მედლის ძალიან რეალური შანსი ჰქონდა, საკმაოდ ტიტულოვანი სპორტსმენია.

როცა საქართველოში დავბრუნდებით, ცხადია, ჩვენი კომიტეტი ამაზე დამატებით იმსჯელებს და სამართლიან გადაწყვეტილებს მიიღებს.

საუბარი ალკოჰოლზეც, ფაქტი მძიმეა და დაუშვებელია. ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯს საფრთხეს უქმნის. ვინც ამას ვერ გააცნობიერებს, მათთვის შესაბამისად ვიმოქმედებთ.

რა თქმა უნდა, ეს ინციდენტი მთლიანად საქართველოს პარალიმპურ ნაკრებზე არ განზოგადდება.  ისტორიულ შედეგებს ველოდებით, ვინაიდან უპრეცედენტო, 14 სპორსტმენი გვყავს წარმოდგენილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სპორტსმენების უმეტესობა მედლის გარეშე არ დარჩება.

გეტყვით იმასაც, რომ სპორტსმენებს კორონავირუსი არ აქვთ. ვირუსი ერთ-ერთ მწვრთნელს დაუდასტურდა, სავარაუდიდ, ის აეროპორტში დაინფიცირდა. ჩვენი სპორტსმენები ჯანმრთელად არიან და ოლიმპიურ სოფელში გადავლენ, სადაც 25 აგვისტოდან შეჯიბრში ჩაერთვებიან".

მოგეხსენებათ, პარალიმპური თამაშების ჩატარება გასულ წელს, 2020 წლის 25 აგვისტო - 6 სექტემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, გადაიდო და  24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

2020 წლის ტოკიოს პარალიმპიადაზე საქართველოს დელეგაცია 14 სპორტსმენით გაემგზავრა - პარასპორტის 6 სახეობა (მათ შორის: ეტლით-ფარიკაობა, პარაძიუდო, პარაწოლჭიმი, პარაცურვა, პარასროლა, პარამძლეოსნობა).

გეტყვით იმასაც, რომ პარალიმპური თამაშების მედროშე პარამოფარიკავე, ირმა ხეცურიანი იქნება.

ცხელი ამბები