იაპონური მედია: ქართველმა პარალიმპელმა ძიუდოისტმა ტოკიოში სასტუმროს დაცვა სცემა
Aa
Aa

იაპონური მედია: ქართველმა პარალიმპელმა ძიუდოისტმა ტოკიოში სასტუმროს დაცვა სცემა

საქართველოს პარალიმპიელთა დელეგაცია იაპონიაში, ქალაქ ტოკუშიმაში, დაახლოებით 1 კვირის წინ გაემგზავრა და უკვე ადგილზეა. 

Japantoday-ს ინფორმაციით, ადგილობრივ პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე შევიდა, რომელიც ქართველ სპორტსმენს უკავშირდება. უფრო ზუსტად, საქართველოს წარმომადგენელს ბრალი ძალადობაში ედება - გამოცემის მტკიცებით, ძიუდოისტი და რამდენიმე სხვა სპორტსმენი 12 აგვისტოს, გამთენიისას, სასტუმროს საჯარო სივრცეში ხმაურს იწვევდნენ, რის გამოც დაცვის თანამშრომელმა მათ მითითება მისცა.

გამოცემა ასევე წერს, რომ დაცვის 60 წლის თანამშრომელსა და ქართველ სპორტსმენს შორის შელაპარაკება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. დაშავებულია იაპონელი - მას ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება.

ადგილობრივი პოლიციის განმარტებით, საქართველოს წარმომადგენელმა აღიარა, რომ ის და საქართველოს დელეგაციის სხვა წარმომადგენლები ალკოჰოლის თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ.

Japantoday იმასაც წერს, რომ საქართველოს დელეგაციაში, ერთ-ერთ სპორტსმენს კორონავირუსი იაპონიაში ჩასვლის შემდეგ აღმოაჩნდა, რის გამოც აღნიშნული შეკრება, კარანტინის მიზეზით, სასტუმროში შედგა.

პარალიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის სპიკერის განცხადებით, სავარაუდოდ, ძიუდოისტი საქართველოში ისე დაბრუნდება, ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიადაზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

პარალიმპელი ძიუდოისტი პარალიმპიადიდან მოიხნა - ქართული მხარის განმარტება ინციდენტზე

მოგეხსენებათ, პარალიმპური თამაშების ჩატარება გასულ წელს, 2020 წლის 25 აგვისტო - 6 სექტემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, გადაიდო და  24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

2020 წლის ტოკიოს პარალიმპიადაზე საქართველოს დელეგაცია 14 სპორტსმენით გაემგზავრა - პარასპორტის 6 სახეობა (მათ შორის: ეტლით-ფარიკაობა, პარაძიუდო, პარაწოლჭიმი, პარაცურვა, პარასროლა, პარამძლეოსნობა).

გეტყვით იმასაც, რომ პარალიმპური თამაშების მედროშე პარამოფარიკავე, ირმა ხეცურიანი იქნება.

ფოტო: საქართველოს პარაოლიმპური კომიტეტი

ცხელი ამბები