„ამ შორტს აღარასდროს ჩავიცვამ
Aa
Aa

„ამ შორტს აღარასდროს ჩავიცვამ" - მუჰამედ ალის შვილიშვილმა დიდ კრივში გამარჯვებით შეაბიჯა

ლეგენდარული მოკრივის, მუჰამედ ალის შვილიშვილმა, ნიკო ალი უოლშმა პროფესიონალურ კრივში შეაბიჯა. 21 წლის მოკრივემ სადებიუტო შეხვედრა ჯორდან უიკსის წინააღმდეგ გამართა და ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა.

ალი უოლშს ეცვა შორტი, რომელიც ბაბუამ უსახსოვრა და ბრწყინვალედ იასპარეზა. ნიკომ პირველ რაუნდში მეტოქე ნოკდაუნში ჩააგდო და შემდეგ, შეხვედრის არბიტრმა ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

„რა თქმა უნდა, ბაბუაჩემზე ხშირად ვფიქრობ და იგი ძალიან მენატრება. ეს ბრძოლა ემოციური თავგადასავალი იყო და ვფიქრობ, მე და უიკსმა დღეს რაღაც მხრივ ისტორია დავწერეთ. ამ ბრძოლამ ჩემი მოლოდინი ბოლომდე გაამართლა. ბაბუაჩემი ყველა დროის საუკეთესო მოკრივეა და ამ შორტს აღარასდროს ჩავიცვამ“, - განაცხადა ალი უოლშმა გამარჯვების შემდეგ.

ალი უოლში საშუალო წონით დივიზიონში ასპარეზობს. მას კონტრაქტი ბობ არუმის TOP Rank Boxing-თან აკავშირებს და კრივში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ნიკო მუჰამედ ალის ქალიშვილის, რაშედას შვილი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები