მატჩი პროვოკაციების ფონზე - სივასპორმა დინამო ბათუმს მატჩის ბოლო წუთზე მოუგო
Aa
Aa

მატჩი პროვოკაციების ფონზე - სივასპორმა დინამო ბათუმს მატჩის ბოლო წუთზე მოუგო

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ბათუმში, ბათუმი არენაზე შედგა, სადაც  „დინამო" ბათუმმა თურქულ „სივასპორს" უმასპინძლა. შეხვედრაში 3 გოლი გავიდა და „სივასპორის" სასარგებლოდ, ანგარიშით - 1-2 დასრულდა.

გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქეს თავიდანვე აქტიურად შეუტია და ასე გაგრძელდა პირველ ნახევარში, თუმცა  გუნდის მცდელობის მიუხედავად, პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა (0-0).

მატჩის მეორე ნახევარიც, პირველის მსგავსად, იდენტური სცენარით დაიწყო - „დინამო" ბათუმის უპირატესობა საგრძნობი იყო, მეტოქეს აწუხებდა, თუმცა მომენტების რეალიზაციას ვერ ახდენდა. საბოლოოდ, „დინამო" ბათუმმა გასული, 50 წუთის სცენარიდან გამომდინარე, დამსახურებული გოლი 54-ე წუთზე გაიტანა -  ვლადიმერ მამუჩაშვილმა აჭარული გუნდი ლამაზი გოლით დააწინაურა (1-0).

აღნიშნული გოლის შემდეგ, „სივასპორმა" „დინამო" ბათუმზე ზეწოლა გაზარდა და ლაზარე კუპატაძის კარის აღება მაინც შეძლო -  „დინამო" ბათუმის კარში გოლი 75-ე წუთზე გავიდა (1-1).

ერთი შეხედვით, მატჩში ანგარიში აღარ უნდა შეცვლილიყო, თუმცა მეტოქემ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში (90+5) კიდევ ერთხელ შეძლო აჭარული გუნდის კარის აღება (1-2) და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ მეტოქე გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში პროვოკაციული ჟესტებით გამოირჩეოდა, რის გამოც, რამდენჯერმე ადგილი მცირე ინციდენტსაც ჰქონდა, იყო წითელი ბარათიც, რომელიც თორნიკე გაფრინდაშვილმა 90+8 წუთზე მიიღო.


მატჩის ფოტოამბავი

გუნდების განმეორებითი შეხვედრა

გუნდების განმეორებითი შეხვედრა 12 აგვისტოს შედგება და 22:00 საათიდან დაიწყება. ამ წყვილში სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გადაწყდება ყველაფერი.

გეტყვით იმასაც, რომ „დინამო" ბათუმი v „სივასპორის" წყვილში გამარჯვებული პლეი-ოფში „ლოკომოტივი" (ბულგარეთი) v „კოპენჰაგენის" (სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, დავით ხოჭოლავა გამოდის) (დანია) წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები