Aa
Aa

"დაპირებები უნდა შესრულდეს" - ქომაგები ლუკაკუს შესაძლო ტრანსფერს აპროტესტებენ

„ინტერის“ ფეხბურთელის, რომელუ ლუკაკუს „ჩელსიში“ შესაძლო ტრანსფერი ბრიტანულ პრესაში ყველაზე ცხელი თემაა. „არისტოკრატებს“ ბელგიელი თავდამსხმელის გადაბირება სურთ და მის სანაცვლოდ სერიოზულ თანხას ჩამოდიან.

Daily Mail-ის ინფორმაციით, „ჩელსიში“ გადასვლის იდეა 28 წლის ცენტრფორვარდსაც ხიბლავს და თვლის, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ დაწყებული საქმე უნდა დაასრულოს. „ლურჯებმა“ „ნერაძურის“ წინადადებით უკვე მიმართეს და იტალიელებს 100 მილიონ ევროსთან ერთად, მარკოს ალონსო შესთავაზეს, რომელიც დიდი ხანია „ინტერის“ რადარზეა, მაგრამ უარი მიიღეს.

„არისტოკრატები“ დანებებას არ აპირებენ და ახალ წინადადებას ამზადებენ. ფაბრიციო რომანოს ცნობით „ჩელსი“ „შავ-ლურჯებს“ 120 ან 130 მილიონ ევროს შესთავაზებს და მზადაა, ლუკაკუს ყოველწლიურად 12 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ამ ინფორმაციამ, რა თქმა უნდა, იტალიაშიც გაიჟღერა და „ნერაძურის“ გულშემატკივრები აანერვიულა. მეტიც, ქომაგების გარკვეული რაოდენობა პროტესტსაც კი მიმართავს. კლუბის ხელმძღვანელობის ოფისთან ფანები მივიდნენ და გამოაკრეს ბანერი წარწერით:

„ყურადღება მიაქციეთ!! დაპირებები უნდა შესრულდეს“

ამით გულშემატკივრებმა ის იგულისხმეს, რომ სერია ა-ს მოგების შემდეგ ხელმძღვანელობა მათ დაჰპირდა, რომ საკვანძო ფეხბურთელები არ გაიყიდებოდნენ. მიუხედავად ამისა, ჰაკიმი პსჟ-ში წავიდა და ახლა ბელგიელის თავდამსხმელიც შესაძლოა წავიდეს.

რომელუს „ინტერიდან“ წასვლის ალბათობას იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ზრდის, რომლის მიხედვითაც, „ინტერმა“ მისი შემცვლელის ძიება დაიწყო და თვალი დუვან საპატას დაადგა. ეს უკანასკნელი „ატალანტას“ ღირსებას იცავს და მისი გასხვისების შემთხვევაში, „ლა დეა“ „ჩელსის“ თავდამსხმელის, ტამი აბრაჰამის გადაბირებას შეეცდება.

„ინტერის“ ქომაგები ლუკაკუს კლუბში დარჩენისკენ მოუწოდებენ, მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, რომელუს „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნების შანსი უფრო და უფრო იზრდება. საგულისხმოა ისიც, რომ მოლაპარაკებებში რომან აბრამოვიჩის შვილია ჩართული, ხოლო „ლურჯების“ თავკაცი, ტომას ტუხელი ლუკაკუს დიდი გულშემატკივარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები