„ფინანსური პრობლემები მოგვარებულია
Aa
Aa

„ფინანსური პრობლემები მოგვარებულია" - ტორპედო განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე კვირის წინ, „ტორპედოში" არსებული პრობლემების გამო, ფეხბურთელებმა ვარჯიშსა და მატჩის ჩატარებაზე უარი თქვეს. უკვე 4 თვეა, რაც ფეხბურთელებსა და კლუბში მომუშავე პერსონალს ხელფასი არ აუღია. მოგეხსენებათ, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩში „ტორპედო" მოედანზე მთავარი გუნდით სწორედ ამ მიზეზით არ გავიდა და შეხვედრა U19-ის და U17-ის ფეხბურთელებით ჩაატარა.

რამდენიმე წუთის წინ, „ტორპედომ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივარს სასიხარულო ინფორმაცია გააცნო:

„დღეს საფეხბურთო კლუბ ტორპედოსა და კომპანია ნიუ ვიჟენს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ნიუ ვიჟენი სპონსორობას გაუწევს ტორპედოს.

ამ გადაწყვეტილებით კლუბში არსებული ფინასური პრობლემები მოგვარებულია.

ქუთაისის ტორპედოს სახელით დიდი მადლობას ვუხდით სპონსორობისთვის კომპანია ნიუ ვიჟენს",- ნათქვამია განცხადებაში.

„როგორც უკვე იცით, ტორპედოს კომპანია ნიუ ვიჟენის სახით ახალი სპონსორი ჰყავს. ინფორმაცია ტორპედოს ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა.

დავით კერესელიძე, ვინც მომდევნო წლებში ტორპედოს წარმატებაზე პასუხისმგებელი იქნება, გასულ დღეებში კლუბის ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და ფანებს შეხვდა. მივიღეთ გარანტიები, რომ ტორპედო ისევ წარმატებული კლუბი იქნება და მალე დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენი ადგილია.

კერესელიძეს ტორპედოსთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს, რომლის განხორციელების შემთხვევაში ჩვენი კლუბი ნამდვილად წარმატებული იქნება. ამ ეტაპისთვის კლუბში არსებული ფინანსური პრობლემა მოგვარებულია სწორედ მის მიერ.

ჩვენ, გულშემატკივრები, ქალაქი გვერდში დავუდგებით და ყველაფერში მხარს დავუჭერთ დავით კერესელიძეს თუ დავინახეთ, რომ ის ყველაფერი, რასაც დაგვპირდა, რეალურად კეთდება.

კონკრეტულად რა გეგმები აქვს ახალ სპონსორს, ამაზე ის თავად ისაუბრებს, ჩვენ კი მადლობას ვუხდით მძიმე პერიოდში კლუბში მოსვლისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ",- წერს გულშემატკივარი.


ამ ეტაპზე საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პაუზაა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ გასული, 21 ტურის შემდეგ, „ტორპედოს" 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილს იკავებს, რაც პლეი-აუტის ზონაა.

შეგახსენებთ, რომ გუნდისთვის მძიმე დროს, ოფიციალურად, მთავარი მწვრთნელის რანგში კახა ჩხეტიანი დაბრუნდა, რომლისთვისაც „ტორპედო" უცხო არ არის. გამოცდილი სპეციალისტი გუნდში 2016/2020 წლებში მუშაობდა, ამ დროში მან საქართველოს ჩემპიონატი, თასი (2) და სუპერთასი (2) მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები