„იცეკვე ახლა, მიდი იცეკვე“ - მესის ემოციები პენალტების სერიისას
არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკის ფინალში თამაშის უფლება კოლუმბიასთან პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.
„ალბისელესტეს“ კაპიტნის ლეო მესისთვის შესაძლოა ეს თავისი კარიერის ბოლო კოპა ამერიკა იყო. როგორც ცნობილია, „ლა პულგა“ 2022 წლის მუნდიალის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს.
ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც პენალტების სერიაში მესის ყველა ემოციაა აღბეჭდილი. ლეოს სახეზე ეტყობა, თუ რამდენს ნიშნავს მისთვის ამ ტურნირზე წარმატება.
ასევე, საინტერესო მომენტი იყო იერი მინას გაფუჭებული პენალტის შემდგომი რეაქცია, როცა მესიმ მის ყოფილ თანაგუნდელს დაუყვირა - „იცეკვე ახლა, იცეკვე, მიდი იცეკვე“.
როგორც ვიცით, მინა გოლის გატანის შემდეგ, თავის ტრადიციულ საცეკვაო მოძრაობებს ასრულებს ხოლმე.
მესის ემილიანო მარტინესის იმედი ჰქონდა
„პენალტების სერიაში დარწმუნებულები ვიყავით, რომ გავიმარჯვებდით, რადგან ჩვენ კარში მონსტრი დგას. ვიცოდი, რომ მინიმუმ ორ დარტყმულს მოიგერიებდა. მან იმედები არ გამიცრუა“. - თქვა მესიმ მატჩის შემდეგ.